ავტოსპორტი

4:13 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ დეიტონას 24-საათიანი რბოლა მოიგო

ფორმულა ერთის ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ დეიტონას 24-საათიანი რბოლა მოიგო და გახდა ფ1-ის მესამე ჩემპიონი, ვინც ფლორიდულ დიდ რბოლაში გაიმარჯვა. ესპანელ მრბოლამდე ეს ამერიკელებმა, ფილ ჰილმა (1964 წელს) და მარიო ანდრეტიმ (1972 წელს) შეძლეს.

ალონსომ „კადილაკის“ სარბოლო პროტოტიპით თანაგუნდელებთან, იაპონელ კამუი კობაიაშისთან, ამერიკელ ჯორდან ტეილორთან და ჰოლანდიელ რენგერ ვანდერ ზანდესთან ერთად ასპარეზობდა. მათმა ეკიპაჟმა რბოლის მიწურულს უკან ჩამოიტოვა ასევე „კადილაკით“ მოასპარეზე ეკიპაჟი მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ფელიპე ნასრმა პირველ მოსახვევში გუბეზე გაიარა და სიჩქარე დაკარგა. ამით ისარგებლა ალონსომ და დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ რბოლა ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით წარიმართა და მისივე მიზეზით, დროზე ადრე შეწყდა. შეცდომამდე ნასრი ალონსოს წამნახევარს უგებდა, თუმცა შემდეგ 12 წამზე მეტით ჩამორჩა. ესპანელის დაწინაურებიდან ორი წრის შემდეგ, რბოლა შეწყდა და აღარც განახლებულა.

ამგვარად, ალონსოს მიღწევებს ფ1-ის და ლე მანის ტიტულების გარდა, დეიტონას 24-საათიან რბოლაში გამარჯვებაც დაემატა. ახალ სეზონში კი ის მეორედ ეცდება ინდი 500-ის მოგებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.205381