ფეხბურთი

2:33 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: ხუთ მატჩში ოთხი გაძევება

21-ე ტურის მატჩებს, სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერმა, „ბარსელონამ“ სამი ქულა კი მოიპოვა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა „ჟირონასთან.“ კატალონიური დერბი გახლდათ და მოსალოდნელიც იყო კერკეტი „ჟირონას“ გაძალიანება. აკი, პირველ წრეშიც,“კამპ ნოუზე,“ ვერაფერი მოუხერხა მრისხანე „ბარსამ“ ოპონენტს. მაშინ თამაში 2:2 დამთავრდა.

აი, მეორე წრის, ერთი შეხედვით, არაფრისმთქმელი შეხვედრა კი, დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა. საქმე ის არის, რომ ლა ლიგის თავკაცმა, ხავიერ ტებასმა, გასულ აგვისტოს, ამერიკულ კორპორაცია Relevent-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ოკეანის გაღმა, კერძოდ, მაიამიში უნდა გაიმართოს, სადაც კორპორაციის ოფისი მდებარეობს.

შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი ასეთი მატჩი 2019 წლის იანვარში, „ჟირონა“ – „ბარსელონა“ იქნებოდა. ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, უმთავრესად გულშემატკივრების მხრიდან. საქმეში ფიფა და ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაც ჩაერთვნენ. შედეგად, იდეა ჯერჯერობით ვერ განხორციელდა და თამაშიც მაიმაის „ჰარდ როკ სთედიუმის“ ნაცვლად, ჟირონას მყუდრო „მონტოლივიზე“ გაიმართა.

საკუთრივ თამაში კი ლიდერისთვის მართლაც რთული გამოდგა. პირველ ტაიმში „ჟირონამ“ აშკარად აჯობა სტუმრებს, თუმცა გოლი ბარსელონელებმა გაიტანეს: მეტოქის საჯარიმოში არსებული დაულაგებლობით სემედუმ ისარგებლა და ახლოდან გაუტანა მასპიძელთა მაროკოელ მეკარე იასინ ბუნუს. ეს პორტუგალიელი მცველის პირველი გოლი გახლდათ „ბარსას“ მაისურით.

მეორე ნახევარში სიუჟეტი თითქმის არ შცვლილა. თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ჟირონელები კაცნაკლულნი დარჩნენ. 51-ე წუთზე ესპინოსა ბერნარდომ მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. საქმე ასე იყო: ბოლოს კვანძი აუცილებლად უნდა გახსნილიყო და ეს ან მასპინძელთა გამათანაბრებელი გოლი იქნებოდა, ან სტუმრები გაიტანდნენ მეორეს და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. მეორე ვარიანტმა იმუშავა. 68-ე წუთზე მესიმ კიდევ ერთი ეფექტური გოლი გაიტანა, თავზე გადაუგდო ბურთი პირისპირ დარჩენილ მეკარეს.

მესის და რაკიტიჩს კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ ოდნავ სიზუსტე დააკლდათ. მაინც დავსძენთ: ეს შაბათი „ბარსას“ დღე ნამდვილად არ იყო.

და კიდევ, „ბარსელონამ“ თავისივე რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 32-ე გასვლით მატჩში გაიტანა. მანამდე ასეთი მაჩვენებელი „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ 2012 წლის თებერვლიდან, 2013-ის ოქტომბრამდე ჰქონდათ.

მესისთვის კი ეს 328-ე გამარჯვება აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსას“ მაისურით და ამ მაჩვენებლით მან
„რეალის“ ლეგენდარულ შემტევ რაულ გონსალესს გადაუსწრო (327) და მესამე ადგილზე დადგა ანდონი სუბისარეტასა (333) და იკერ კასილიასის (334) შემდეგ.

„რეალმა“ განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე დაამარცხა სტუმრად „ესპანიოლი“ (2:4). მადრიდელები მე-15 წუთისთვის უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და საქმე, ფაქტობრივად, მოთავებული იყო. მაგრამ მასპინძლებმა სტუმრებს ნერვების სიმყარე ცოტა მაინც შეუმოწმეს. მეტისთვის კი ძალა არ ეყოთ.

კარიმ ბენზემამ დუბლი მიითვალა. მისი მეორე გოლი 207-ე გამოდგა „სამეფო კლუბის“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენელით ფრანგი მეექვსე ადგილზე დადგა კლუბის ისტორიაში. ამისათვის მას 445 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ახლა ბენზემაზე მეტი „რეალის“ ისტორიაში მხოლოდ ფერენც პუშკაშს (242), სანტილიანას (290), ალფრედო დი სტეფანოს (308), რაულს (323) და კრიშტიანუ რონალდუს (450) გაუტანიათ.

სხვათა შორის, ზემოთ ბერნარდოს გაძევება ვახსენეთ და კვირა დღე ერთობ მსუყე აღმოჩნდა ამ მხრივ პრიმერაში. მინდორი დაატოვებინეს სელტელ უესლი ჰუდტსაც, ბილბაოელ ოსკარ დე მარკოსსაც და რეალელ რაფაელ ვარანსაც. 5 მატჩში 4 წითელი ბარათი...არცთუ ჩვეულებრივი ამბავია.

ტური ორშაბათს, „ალავესი“ – „რაიო ვალეკანოს“ მატჩით დაიხურება.

ესპანეთი

პრიმერა. 21-ე ტური. 27 იანვარი

ჟირონა - ბარსელონა 0:2

ჟირონა. „მონტილივი.“ 14 021

0:1 სემედუ (9), 0:2 მესი (68)

ჟირონა: ბუნუ, ხუანპე, ბერნარდო, ალკალია, ფერნანდესი, გრანელი (სინ ხო 86), პონსი, პორო, გარსია (დუგლას ლუისი 70), პორტუ (ლოსანო 80), სტუანი

მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე (ვერმალენი 77), პიკე, სემედუ, ვიდალი (არტური 58), ბუსკეტსი (რობერტო 82), რაკიტიჩი, კოუტინიო, მესი, ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: ბერნარდო (29), ბუნუ (52), ხუანპე (69), სტუანი (89); ლანგლე (31), ვიდალი (37), ბუსკეტსი (43)

გაძევება: ბერნარდო (51)

ესპანიოლი - რეალი 2:4

ბარსელონა. „კორნელია ელ პლატი.“ 21 215

0:1 ბენზემა (4), 0:2 რამოსი (15), 1:2 ბაპტისტაო (25), 1:3 ბენზემა (45), 1:4 ბეილი (67), 2:4 როსალესი (81)

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, ხავი ლოპესი, მარმოლი, ერმოსო, დიდაკი (როსალესი 64), დარდერი (მელენდო 75), როკა, ლოპესი, ბაპტისტაო (პიატი 71), იგლესიასი, გარსია

მწვრთნელი: რუბი

რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი (ნაჩო 46), ვარანი, კროოსი, მოდრიჩი (მარსელო 76), კაზემირო, ვასკესი, რეგილონი, ბენზემა, ვინისიუსი (ბეილი 64)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: როკა (7), გარსია (34), ლოპესი (85); რამოსი (27), კარვახალი (81), ნაჩო (88), კურტუა (90+1)

გაძევება: ვარანი (72)

ვალიადოლიდი - სელტა 2:1

0:1 სისტო (16), 1:1 პლანო (56), 2:1 კეკო (69)

გაძევება: ჰუდტი (სელტა, 87)

ატლეტიკი - ბეტისი 1:0

1:0 მუნიაინი (21)

გაძევება: დე მარკოსი (ატლეტიკი, 84)

სოსიედადი - უესკა 0:0

სტატისტიკა
0.252751