ფეხბურთი

21:55 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

არაპროფესიონალიზმი, ცარიელი სტადიონები და თაგვები - "ტორპედოს" ლეგიონერის მოგონებები საქართველოზე

გასულ ზაფხულს ქუთაისის „ტორპედომ“ ოსტრავას „ბანიკიდან“ სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკა დაიმატა. თუმცა, 28 წლის ფეხბურთელმა მაინც და მაინც მოლოდინი ვერ გაამაართლა.

სეზონის ბოლომდე ჰლინკამ ქუთათურთა რიგებში ჯამში 23 მატჩი ჩაატარა (12 ეროვნულ ლიგაში, 3 საქართველოს თასზე, 2 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო და 6 ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე) და ორი გოლი გაიტანა („კოლხეთთან“ და „დილასთან“ ეროვნულ ლიგაში).

სლოვაკს „ტორპედოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ ფეხბურთელი ამბობს, რომ გუნდიდან გაუშვეს. ეს ინფორმაცია ჰლინკამ სლოვაკურ ინტერნეტპორტალ Sport.aktuality.sk-სთან გააჟღერა.

ეს კიდევ არაფერი, ჰლინკა საქართველოში გატარებულ პერიოდს არცთუ თბილად იხსენებს. 28 წლის ნახევარმცველის განცხადებით გუნდში პროფესიონალიზმი არ იყო და არც სათანადო სავარჯიშო პირობები არსებობდა.

„სათასო მატჩებში გვქონდა შესაბამისი სულისკვეთება, რასაც ვერ ვიტყვი ჩემპიონატის შესახებ. არანაირი პროფესიონალიზმი არ იყო. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარჯიშებზე გასართობად დადიოდნენ. არანაირი წინსვლა არ ყოფილა. სავარჯიშო პირობები კატასტროფული იყო! გუნდს არ ჰქონდა სპორტული დარბაზი და შესაბამისი სამედიცინო პუნქტი. მოედნის საფარზე ბურთი საოცრად მოძრაობდა, მკერდის სიმაღლეზე ხტებოდა“, - თქვა ჰლინკამ.

სლოვაკი იხსენებს, რომ სასტუმროში თაგვები იყვნენ და ასევე შეეხო „დინამოსა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირებას - აღნიშნა, რომ სტადიონი ცარიელი გახლდათ:

„თითქოს დრო გაჩერდა, ასეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ძველი შენობები, სასადილო ოთახი და საუნა, რომელშიც შესვლის გვეშინოდა. სასტუმრო? ნესტიანი კედლებით და იატაკზე თაგვებით. „ტორპედოსა“ და „დინამოს“ შეხვედრები ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული და უძველესი დაპირისპირებაა. ქართველები „ელ კლასიკოსაც“ ეძახიან. თუმცა, 55 ათასიან სტადიონზე მხოლოდ 300 გულშემატკივარი დაესწრო“, - აღნიშნავს ჰლინკა.

ბოლოს კი, ფეხბურთელი ამბობს, რომ „ტორპედოში“ კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებდა დარჩენას, მაგრამ უთხრეს, რომ თანამშრომლობა შეწყვეტილია:

„ქუთაისში ცხოვრებას სლოვაკეთსა და ჩეხეთში ცხოვრებას ვერც კი შევადარებ. სპა ცენტრში რომ მოვხედრილიყავით, ბათუმში წავედით, რომელიც 140 კმ-ის დაშორებით მდეობარეობს.

მითხრეს, რომ კონტრაქტი გაწყვეტილია და ვინაიდან, ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მომიწერია, ადვოკატს მივმართე. შვებულებაში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გუნდი ჩინელმა ინვესტორმა დატოვა. სახლში ვემზადებოდი, მინდოდა კონტრაქტი ბოლომდე ჩამემთავრებინა, რომელიც ზაფხულამდე მაკავშირებდა. მჯერა, რომ უახლოეს ხანებში შევთანხმდებით, ავიღებ კუთვნილ კომპენსაციას და ჩვენს თანამშრომლობას გონივრულად დავასრულებთ“, - დასძინა მარეკ ჰლინკამ.

0.108716