ფეხბურთი

14:09 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე მზადაა სალას სამძებრო ოპერაცია დააფინანსოს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ნგოლო კანტე თანამედროვე ფეხბურთში ალბათ ყველაზე მოკრძალებული ფეხბურთელია და თავად ფრანგსაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის პრივილეგია არაა.

ამჯერად, ნგოლომ მორიგი საგმირო საქმის გაკეთება გადაწყვიტა. როგორც ბრიტანული მედია წერს, კანტე მზადაა ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები თავად დააფინანსოს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ კანტე და სალა 2014-2015 წლების სეზონში ფრანგულ „კაენში“ თანაგუნდელები იყვნენ. მაშინ, ნგოლო კარიერის საწყის ეტაპზე გახლდათ, ხოლო სალა „ბორდოდან“ იჯარით თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში წამოწყებულია კამპანია, რომელიც გულისხმობს - „არ შეწყვიტო ძებნა“. აღნიშნულ აქციას არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი შეუერთდა. მათ შორის, დიეგო მარადონა, ლიონელ მესი და ჯანლუიჯი ბუფონი.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მგზავრობისას გაუჩინარდა. მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა, გერნსის პოლიციამ სამდღიანი უშედეგო სამძებრო სამუშაოები შეწყვიტა და ფეხბურთელი ამჟამად დაკარგულად ითვლება. მოგეხსენებათ, სალა ფრანგული "ნანტიდან" "კარდიფ სიტიმ" მისთვის სარეკორდო, 17 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა, ფეხბურთელის ბრიტანული კარიერა ვერ დაიწყო.

"კარდიფის" ფანებმა კი, ქალაქში გამოფინეს ბანერი, რომელზეც ეწერა: "ჩვენ არასდროს გვინახავს შენი თამაში და გოლები, მაგრამ ემილიანო, ჩვენო ჩიტუნავ, ყოველთვის გვეყვარები".

სტატისტიკა
0.269372