ფეხბურთი

12:30 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაუვიწყარი მატჩები: ორი საფეხბურთო სკოლის ჭიდილი (+VIDEO)

„ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ოდესმე მინახავს“ - ასეთი შინაარსის სიტყვები ბევრ ადამიანს უთქვამს, რომლებმაც ის თამაში, რომელსაც ახლა გავიხსენებთ, უნახავთ.

ეს ამხანაგური სტატუსის შეხვედრა გახლდათ, თუმცა, არაფერი ეტყობოდა ამხანაგურის, მეგობრულის - არაფერი!

ოთხთა ტურნირი - ბრაზილია, იტალია, ინგლისი და მასპინძელი საფრანგეთი. ეს იყო პრესტიჟული ტურნირი, რომელიც 1998 წლის მუნდიალამდე ერთი წლით ადრე გაიმართა და გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. ბუნებრივია, სანახაობრივი და საინტერესო მატჩებით.

ეს თამაში კი, ყველაზე შედეგიანი და ლამაზი გამოდგა. ერთ მხარეს იტალიის ნაკრები იდგა თავისი სასიკვდილო დაცვის ხაზით და მეორე მხარეს ბრაზილია, უძლიერესი შეტევით, რომელიც რომარიოსა და რონალდოს დუეტით მაგრდებოდა. თავის მხრივ, იტალიასაც ჰყავდა ძლიერი შეტევა - „იუვენტუსის“ დუეტი ალესანდრო დელ პიერო და კრისტიან ვიერი (იმ დროს ვიერი „იუვეში“ თამაშობდა).

„სკუადრა აძურა“ დელ პიეროს თავური დარტყმით დაწინაურდა, რომელმაც ტაფარელს შანსი მას შემდეგ არ დაუტოვა, რაც ვიერიმ საჯარიმოში ჩინებულად ჩააწოდა. „სელესაო“ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩავარდა, რადგან დემეტრიო ალბერტინის შორეული საჯარიმოს დარტყმა კარში აღმოჩნდა - ბურთი გზად ალდაირს შეეხო და მეკარეს შანსი არ ჰქონია.

ბრაზილია თამაშში რობერტო კარლოსის გასროლის შედეგად დაბრუნდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბედმა ამჯერად სამხრეთ ამერიკელებს გაუღიმათ, რადგან ბურთი ატილიო ლომბარდოს მოხვდა და ჯანლუკა პალიუკაც უძლური დარჩა. მერე კი, იტალიამ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. ახალგაზრდა პიპო ინძაგიმ, რომელსაც ვიერ შეეცვალა, პენალტი გამოიმუშავა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი დელ პიერომ ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა.

მიუხედავად ამისა, ბრაზილია არ დანებდა და თამაშის გადარჩენა „რო-რო“-ს დუეტით მოახერხა. რონალდომ და რომარიომ ეპიკურ შეხვედრას კიდევ უფრო დაუვიწყარი სცენარი შესძინეს. საბოლოოდ, 3:3, რომელიც 1997 წელს, ლიონის „სტად ჟერლანზე“ დაფიქსირდა და რომელიც, საფეხბურთო მატიანედან არასდროს წაიშლება, რადგან ეს იყო ორი დიდი და განსხვავებული საფეხბურთო სკოლის, იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნების საფეხბურთო გაკვეთილი.

ისე, ბრაზილია - იტალიის მატჩები ყოველთვის ატარებდა განსაკუთრებულ ელფერს და ისტორიას არაერთი დაუვიწყარი მატჩებიც შემორჩა ამ ორი დიადი ნაკრების მონაწილეობით...

იტალია - ბრაზილია 3:3

ლიონი, საფრანგეთის ოთხთა ტურნირი. 1997 წელი, 8 ივნისი.

გოლები: 1:0 დელ პიერო (6), 2:0 ალდაირი (23, ა.გ), 2:1 ლომბარდო (35, ა.გ), 3:1 დელ პიერო (61, პენ), 3:2 რონალდო (70), 3:3 რომარიო (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109136