ფეხბურთი

21:55 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ყოფილი მცველი "შახტარში" ხოჭოლავას კონკურენტი იქნება

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მცველი ვალერი ბონდარენკო კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს. 24 წლის უკრაინელმა მცველმა დონბასელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ბონდარენკოს პროფესიონალურ კარიერაში პირველი გუნდი „ტორპედო“ იყო (იქამდე კიევის "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა), რომლის ღირსებას 2014-2015 წლების სეზონში იცავდა. საქართველოს ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანაც შეძლო (2014 წლის 16 სექტემბერს, „ვიტ ჯორჯიასთან“ 1:0 მოგებულ შეხვედრაში).

„ტორპედოდან“ „სკალაში“ გადავიდა, ხოლო 2016 წლიდან „ოლექსანდრიას“ რიგებში ირჯებოდა, რომლის მაისურით გასულ სეზონში 18 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

ამრიგად, დავით ხოჭოლავას „შახტარში“ კიდევ ერთი კონკურენტი ეყოლება, რადგან ბონდარენკო ცენტრალური მცველია. თუმცა, რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, „შახტარს“ გამოცდილი მცველი იაროსლავ რაკიცკი ტოვებს, რომელიც ახლოსაა „ზენიტში“ ტრანსფერთან და ბონდარენკოს სწორედ მის შემცვლელად მიიჩნევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114582