ფეხბურთი

19:45 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დუვან ძაპატას საოცარი თვენახევარი

ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელი დუვან ძაპატა საოცარ ფორმაშია. კოლუმბიელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებით არ დაწყებულა და კრიტიკოსიც ბევრი ჰყავდა, თუმცა, რასაც ბოლო მატჩებია აკეთებს, უბრალოდ ფანტასტიკაა.

2018 წლის 3 დეკემბრამდე კოლუმბიელ ფორვარდს კინკილა გოლი ჰქონდა სერია A-ში გატანილი, ახლა კი მის ანგარიშზე 14(!) გოლია. 13 გოლის გატანა დუვანმა უკანასკნელ 7 შეხვედრაში მოახერხა. ნიშანდობლივია, რომ კარში ბოლო 15 დარტყმიდან 13 ზუსტი აღმოჩნდა.

სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა 2019 წელიც დიდებულად დაიწყო და წლის პირველივე შეხვედრაში პოკერი გაიფორმა. „ფროზინონესთან“ ძაპატამ ნამდვილი შოუ მოაწყო და მეტოქე 4-ჯერ დაამწუხრა.

შედეგად, ძაპატა გახდა „ატალანტას“ პირველი ფეხბურთელი 1995 წლის შემდეგ (იქედან მოყოლებული, რაც სტატისტიკური მონაცემები დეტალურად ითვლება), რომელმაც სერია A-ს მიჯრით შვიდ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. გარდა ამისა, „ატალანტას“ ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში პოკერი შეასრულა. მანამდე იგივე პოლ რასმუსენსა და ჰანს იეპსონს მოეხერხებინათ (ორივემ შორუელ 1952 წელს შეასრულეს პოკერი).

ამასობაში ძაპატა ბომბარდირობაზე იწევს. ძაპატას „ფროზინონესთან“ შესრულებული პოკერით 14 გატანილი გოლი დაუგროვდა. „ჯენოას“ ფორვარდ კრშიშტოფ პიონტეკს გადაასწრო და ახლა ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუსთან და "სამპდორიას" კაპიტან ფაბიო კვალიარელასთან ერთად 14-14 გოლით პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110605