ფეხბურთი

3:20 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ოთხეულს დაუბრუნდა

იტალიის სერია A სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და 2019 წელს პირველი მატჩები გაიმართა.

მე-20 ტური რომში დაიწყო, სადაც „რომამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და ოთხეულში შესვლა მოახერხა. შეხვედრა მეტად დაძაბული და დრამატული გამოდგა. „ჯალოროსის“ რთული თამაში რომ ელოდება თავიდანვე ნათელი იყო. „ტორინო“ რომში ისე ჩავიდა, რომ სტუმრად მიმდინარე სეზონში წაგებული არ ჰქონა (2 მოგება 8 ფრე). მის გარდა სტუმრად დაუმარცხებელი მხოლოდ „იუვენტუსი“ იყო. უფრო სწორად, ახლა მხოლოდ „იუვეა“, რადგან ვალტერ მაძარის გუნდისთვის 2019 წელი მარცხით დაიწყო. „რომამ“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მიიღო - ნიკოლო ძანიოლომ და ალექსანდრ კოლაროვმა გაიტანეს გოლები. განსაკუთრებით ეფექტური ძანიოლოს გოლი იყო. იტალიელმა ტალანტმა მართლაც მშვენიერი გოლი მიითვალა.

თუმცა, მეორე ტაიმში „ტორინომ“ ჩინებულად ითამაშა და მალევე გაქვითა ერთი გოლი. მერე კი, ანსალდის ზუსტი დარტყმით საერთოდაც გაათანაბრა. „რომამ“ მაინც მოიგო და გამარჯვების გოლი ელ შაარავის ანგარიშზეა - 3:2. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა 33 ქულა დააგროვა და თანაქალაქელ „ლაციოს“ გადაასწრო.

2019 წელი ცუდად დაიწყო „ინტერმა“. ლუჩანო სპალეტის გუნდმა საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ უმასპინძლა და ვერაფერი დააკლო - უგოლო ფრე. ეგ კი არა, მილანელები საერთოდ უქულოდ დარჩებოდნენ, სამირ ჰანდანოვიჩის რამდენიმე გმირობა რომ არა. მოკლედ, „ნერაძური“ ისევ არასტაბილურია და წესით, მიმდინარე სეზონში სამეული მაქსიმუმი იქნება.

დღის კიდევ ერთ მატჩს უდინემ უმასპინძლა, სადაც ჟერვინიოს ლიდერობით „პარმამ“ „უდინეზე“ დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება.

„რომა“ – „ტორინო“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ძანიოლო (15), 2:0 კოლაროვი (34, პენ), 2:1 რინკონი (51), 2:2 ანსალდი (67), 3:2 ელ შაარავი (73)

„უდინეზე“ – „პარმა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ინგლეზე (11, პენ), 1:1 ოკაკა (50), 1:2 ჟერვინიო (68)

„ინტერი“ – „სასუოლო“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
0.492649