ფეხბურთი

13:39 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

როგორ შედგა გიორგი ლორიას ტრანსფერი "მაგდებურგში"?

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "მაგდებურგში" რომ გადავიდა, გუშინ გითხარით. ჩვენებურმა 6-თვიანი უქმობის შემდეგ მოახერხა გუნდის პოვნა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ლორიას ტრანსფერის შესახებ „მაგდებურგის“ სპორტულმა დირექტორმა მაიკ ფრანცმა Volksstimme.de-სთან ისაუბრა. ფრანცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელია.

ხსენებული გამოცემა წერს, რომ 2016 წლის ნოემბერში კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის მიწვევით თბილისს რამდენიმე დღით „მაგდებურგის“ სპორტული დირექტორი მაიკ ფრანცი და გენერალური დირექტორი მარიო კალნიკი სტუმრობდნენ.

ფრანცი კობიაშვილთან ერთად „ჰერტაში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა, ხოლო იაშვილის თანაგუნდელი 2007-2009 წლებში „კარლსრუეში“ გახლდათ.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და საქართველო-მოლდოვას საერთაშორისო მატჩს ვუყურეთ. ლორიას შესახებ კობიაშვილთან და იაშვილთან ვისაუბრეთ და ამის შემდეგ დავუკავშირდით გიორგის.

იასმინ ფეიზის გუნდიდან წასვლის შემდეგ სამი ახალგაზრდა მეკარე დაგვრჩა. ძალიან გაბედული ნაბიჯი იქნებოდა სეზონის გამოუცდელი მეკარეებით ჩამთავრება. გიორგის საინტერესო CV აქვს. საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია, სრულყოფილად საუბრობს ინგლისურად და გუნდური მოთამაშეა“, - თქვა ფრანცმა.

ლორიამ გერმანულ გუნდში 1-ნომრიანი მაისური მოირგო და გერმანული გამოცემის ვერსიით, ეს მიანიშნებს, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება:

„ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ პირველი მეკარე ალექსანდერ ბრუნსტია. ის შესაძლოა „მაგდებურგის“ მომავალიც იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, კონკურენცია გუნდში მნიშვნელოვანია და გარანტირებული არავის არაფერი აქვს. ლორიას ჩვენთან, გერმანიაში თამაში ნამდვილად უნდოდა. მას შეეძლო სხვაგან წასულიყო და ბევრად მეტი გამოემუშავებინა, მაგრამ „მაგდებურგი“ აირჩია“, - განაცხადა მაიკ ფრანცმა.

Loading...
სტატისტიკა
0.251493