ისტორია

10:07 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

17 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა მუჰამედ ალი (კასიუს მარსელიუს კლეი). ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა სამჯერ. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. იმავე წლის 29 ოქტომბერს ჩაატარა პირველი ორთაბრძოლა პროფესიონალურ რინგზე. 1963 წლამდე 19-ჯერ იპაექრა და ყველა მატჩი მოიგო (მათ შორის 15 ნოკაუტით). 1964 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ორთაბრძლაში სონი ლისტონი დაამარცხა, რომელსაც მომდევნო წელს მატჩ-რევანშიც მოუგო. ნოემბერში კი კასიუს კლეიმ მსოფლიოს ექსჩემპიონ ფლოიდ პატერსონს სძლია. 1967 წელს კლეიმ აშშ-ის არმიაში სამსახურსა და ვიეტნამში საომრად გამგზავრებაზე უარი თქვა, რისთვისაც ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მას შემდეგ კასიუს კლეი მუჰამედ ალის სახელით გახდა ცნობილი. 1971 წლის 8 მარტს ნიუ იორკის ”მედისონ სკვერ გარდენში” ”საუკუნის ორთაბრძოლად” წოდებული მატჩი ჩატარდა ალისა და ჯო ფრეზერს შორის. მსაჯებმა მოგება ფრეზერს მიაკუთვნეს, თუმცა, საერთო აღიარებით, ბრძოლა ალიმ მოიგო. მომდევნო პაექრობებში ალიმ კენ ნორტონსაც სძლია, ფრეზერთანაც რევანში აიღო და 1974 წლის 30 ოქტომბერს ზაირის დედაქალაქ კინშასაში ტიტულისათვის მატჩში ჯორჯ ფორმენს შეხვდა. მუჰამედ ალიმ მაყურებელს უნაკლო ტაქტიკური ბრძოლა უჩვენა და პლანეტის უძლიერესი მოკრივის წოდება დაიბრუნა. მესამედ ჩემპიონის ტიტული ალიმ ლეონ სფინქსთან მატჩ-რევანშის მოგების შემდეგ შეძლო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1926 – ლონდონის ”აპტონ პარკზე” ადგილობრივი ”ვესტ ჰემისა” და ”ლივერპულის” მატჩის მსვლელობისას სტუმართა მოთამაშე დონალდ მაკინლიმ დედაქალაქელთა კარში გოლი საკუთარი მოედნიდან დარტყმის შედეგად გაიტანა.

1945 – ჯილბერტ დოდსმა ერთ მილზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:05.3) და მეორე დღიდან რელიგიურ მსახურებას მიჰყო ხელი.

1963 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში უილტ ჩემბერლენმა (”სან ფრანსისკო უორიორზი”) ”ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 67 ქულა ჩაუგდო.

1970 – ბეისბოლისტთა ეროვნული ლიგის 357-მა მოთამაშემ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

1986 – ტიმ ვინტერსპუნმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში ტონი ტაბსი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიი მოიპოვა.

1989 – მწვრთნელმა ელ არბორმა ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში 600-ე გამარჯვება იზეიმა.

1997 – დენის როდმანს სატელევიზიო ოპერატორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისათვის ჯარიმის სახით 25 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს.

2001 – ბრაზილიის ნაკრებისა და “გრემიოს” ფორვარდმა რონალდინიომ პსჟ-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2001 – “სენტ-ეტიენის” ყოფილი მეკარე მაქსიმ ლევიცკი საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციამ საბერძნეთის ყალბი პასპორტის აღებისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2004 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ”დინამომ” ყირგიზეთის წარმომადგენელ ”ჟაშტიკს” 7:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვიტალი დარასელიამ (2), ლადო ბურდულმა (2), ალექსანდრე იაშვილმა, რატი ალექსიძემ და დავით კვირკველიამ გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა): გვარამაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, კვირკველია, ახალაია, გოგობერიშვილი, დარასელია, ბურდული, ანჩაბაძე, ალექსიძე, კვირკველია.

2005 – მელბურნის როდ ლეივერის სახელობის კორტებზე სტარტი აიღო ”დიდი მუზარადის” წლის პირველმა საჩოგბურთო ტურნირმა, ავსტრალიის ღია პირველობამ.

2005 – ბელგიის სპორტის მინისტრმა კლოდ ეერდენკინსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონ სვეტლანა კუზნეცოვას დოპინგ-ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

2009 – მელბურნის AAMI Kooyong Classic საჩოგბურთო ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა თანამემამულე სტანისლას ვავრინკას 6:1, 6:3 მოუგო.

2010 – 2011 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის C შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად პოლონეთი, ბულგარეთი, ბელგია, პორტუგალია ერგო.

2013 - “მაიამი ჰითის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც 20 ათასი ქულის, 5 ათასი მოხსნის და 5 ათასი პასის ნიშნულს გადააბიჯა.

ამ დღეს დაიბადნენ

1906 – გილერმო სტაბილე. არგენტინის ნაკრების, “ურაკანის”, “ჯენოას”, “ნაპოლის” ფორვარდი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის ფინალისტი და საუკეთესო ბომბარდირი. მუნდიალის 4 მატჩში გაიტანა 8 გოლი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. მწვრთნელობისას კოპა ამერიკის ექვსგზის გამარჯვებული. “რასინგს” სამჯერ მოაპოვებინა არგენტინის ჩემპიონობა. 1958 წლის მუნდიალზე იყო არგენტინის ნაკრების თავკაცი. გარდაიცვალა 1966 წლის 27 დეკემბერს.

1909 – პეტრუს ვან რინენი. 1920-40-იან წლებში ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. მისი საშუალო შედეგიანობა საშუალოდ მატჩში 1,15 გოლს უტოლდება.

1911 – გავრიილ კაჩალინი. საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1936-42 წლებში გამოდიოდა მოსკოვის “დინამოში” ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს, მოსკოვის “ლოკომოტივს”, თბილისისა და მოსკოვის “დინამოს”, ტაშკენტის “ფახთაქორს”. საბჭოთა ნაკრებს მოაგებინა ოლიმპიური თამაშები (1956) და ევროპის თასი (1960). მისი მეთაურობით ჩვენი “დინამო” პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კაჩალინმა 1971 და 1972 წლებში თბილისის “დინამოს” საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. გავრიილ კაჩალინი 1995 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.

1929 – ჟაკ პლანტი. ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი. ამპლუით გოლკიპერი. გამოდიოდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბში. შვიდჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მეკარედ (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1962, 1969). რვაჯერ ითამაშა NHL-ის ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1962, 1969, 1970). 1978 წელს შეიყვანეს ჰოკეისტთა ”დიდების დარბაზში”. 1959 წლის 1 ნოემბერს ”ნიუ იორკ რეინჯერსის” მოთამაშე ენდი ბეთგეითმა პლანტს შაიბა სახეში გაარტყა. პლანტი გასახდელში ნაკერის დასადებად გავიდა და ვინაიდან ”მონრეალ კანადიენსს” სათადარიგო გოლკიპერი არ ჰყავდა, ჟაკმა დამცავი ნიღაბი გაიკეთა და ასე გააგრძელა ასპარეზობა. ასე და ამგვარად, ჟაკ პლანტი პირველი მეკარეა, რომელმაც ნიღაბით იასპარეზა. ჟაკ პლანტი იყო ”კვებეკ ნორდიკსისა” და ”ედმონტონ ოილერზის” გენერალური მენეჯერი. პლანტი 1986 წლის 27 თებერვალს კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. ამჟამად ჰოკეის ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მეკარის პრიზი ჟაკ პლანტის სახელს ატარებს.

1936 – ლეონიდ ოსტროვსკი. 1950-60-იან წლებში კიევის “დინამოსა” და მოსკოვის “ტორპედოს” განაპირა მცველი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1939 – ტონი გუსტაფსონი. შვედი მოთხილამურე. 5 და 10 კილომეტრზე თხილამურებით რბენაში 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1940 – კიპჩოგე კეინო. კენიელი სტაიერი. 1500 მეტრზე რბენაში 1968 და 1972 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1942 – მუჰამედ ალი (კასიუს მარსელიუს კლეი). ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა სამჯერ. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. იმავე წლის 29 ოქტომბერს ჩაატარა პირველი ორთაბრძოლა პროფესიონალურ რინგზე. 1963 წლამდე 19-ჯერ იპაექრა და ყველა მატჩი მოიგო (მათ შორის 15 ნოკაუტით). 1964 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ორთაბრძლაში სონი ლისტონი დაამარცხა, რომელსაც მომდევნო წელს მატჩ-რევანშიც მოუგო. ნოემბერში კი კასიუს კლეიმ მსოფლიოს ექსჩემპიონ ფლოიდ პატერსონს სძლია. 1967 წელს კლეიმ აშშ-ის არმიაში სამსახურსა და ვიეტნამში საომრად გამგზავრებაზე უარი თქვა, რისთვისაც ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მას შემდეგ კასიუს კლეი მუჰამედ ალის სახელით გახდა ცნობილი. 1971 წლის 8 მარტს ნიუ იორკის ”მედისონ სკვერ გარდენში” ”საუკუნის ორთაბრძოლად” წოდებული მატჩი ჩატარდა ალისა და ჯო ფრეზერს შორის. მსაჯებმა მოგება ფრეზერს მიაკუთვნეს, თუმცა, საერთო აღიარებით, ბრძოლა ალიმ მოიგო. მომდევნო პაექრობებში ალიმ კენ ნორტონსაც სძლია, ფრეზერთანაც რევანში აიღო და 1974 წლის 30 ოქტომბერს ზაირის დედაქალაქ კინშასაში ტიტულისათვის მატჩში ჯორჯ ფორმენს შეხვდა. მუჰამედ ალიმ მაყურებელს უნაკლო ტაქტიკური ბრძოლა უჩვენა და პლანეტის უძლიერესი მოკრივის წოდება დაიბრუნა. მესამედ ჩემპიონის ტიტული ალიმ ლეონ სფინქსთან მატჩ-რევანშის მოგების შემდეგ შეძლო.

1948 – ედვინ გრეი. “ლიდს იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი. 1960-80-იან წლებში გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 579 მატჩი.

1948 – დავით გოგია. თბილისის ”დინამოს”, ქუთაისის ”ტორპედოსა” და ლანჩხუთის ”გურიას” გოლკიპერი. ”დინამოს” რიგებში ჩაატარა საკავშირო პირველობის 176, თასის 18 და 54 საერთაშორისო მატჩი. 1978 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი. 1976 და 1979 წლებში მოიპოვა თასი. 1976 წლის 3 სექტემბერს ფინალში ერევნის ”არარატის” წინაააღმდეგ ითამაშა (”დინამომ” 3:0 მოიგო), ხოლო 1979 წლის გათამაშებაში ნახევარფინალში მოსკოვის ცსკასთან იასპარეზა (თბილისელებმა დამატებით დროში 2:1 იმარჯვეს). გოგიას მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს სამი მედალი (1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა). 1978 წელს ”33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს პირველ ნომრად. დავით გოგია ღირსების ორდენის კავალერია.

1951 – როლანდო ტოენი. იტალიელი მოთხილამურე. გიგანტურ სლალომში 1972 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1961 – მაია ჩიბურდანიძე. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში (1978, 1981, 1984, 1986, 1988). საერთაშორისო დიდოსტატი როგორც ქალთა (1977), ასევე მამაკაცთა (1984) შორის. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1977). ოთხჯერ დაჯილდოვდა ”საჭადრაკო ოსკარით” (1984, 1985, 1986, 1987). მონაწილეობდა მრავალ საჭადრაკო ოლიმპიადაზე (საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახელით) და ამ ტურნირებზე მოპოვებული აქვს 10 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი. 2008 წლის ნოემბერში დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მაია ჩიბურდანიძემ და მისმა თანანაკრებელებმა საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუპოვეს. ქალთა შორის ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადები. მაია ჩიბურდანიძე ღირსების ორდენის კავალერია.

1970 – ჯერემი რენიკი. ”ფილადელფია ფლაიერზის” ცენტრფორვარდი.

1973 – კუატემოკ ბლანკო. “ამერიკასა” და მექსიკის ნაკრების ფორვარდი. მექსიკის ნაკრების 97 შეხვედრაში გაიტანა 34 გოლი. მექსიკის მრავალგზის ჩემპიონი. 1999 წელს მოიგო კონფედერაციათა თასი, 1996 და 1998 წლებში – კონკაკაფის თასი. 2007 წლიდან გამოდის “ჩიკაგო ფაიერში” და გასულ წელს დაასახელეს MLშ-ის საუკეთესო ფეხბურთელად.

1979 – მამუკა წერეთელი. საქართველოს ნაკრების, თბილისისა და სოხუმის ”დინამოს”, რიგის ”სკონტოს”, ვლადიკავკაზის ”ალანიას” ყოფილი მცველი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 12 მატჩი.

1980 – ვალერი აბრამიძე. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს”, მოსკოვის “სპარტაკის”, “ხიმკის”, მახაჩყალის “ანჟის”, ელისტის “ურალანის”, რუსთავის “ოლიმპის” მცველი. ამჟამად აზერბაიჯანშია სინჯებზე. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 6 მატჩი.

1982 – დუეინ უეიდი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისა და ”მაიამი ჰითის” გამთამაშებელი-მსროლელი (194 სმ). ”ოცნების გუნდის” შემადგენლობაში ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 2008 წელს კი პეკინის თამაშების ჩემპიონი გახდა. ოთხჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 2006, 2012 და 2013 წლებში გახდა ნბა-ს ჩემპიონი. 2006-ში აშშ-ში აღიარეს წლის სპორტსმენად. 2005-13 წლებში ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1976 – ავტოკატასტროფაში დაიღუპა როტერდამის ”სპარტას” ფეხბურთელი ად ვერჰოევენი.

0.12667