ფეხბურთი

1:55 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვიცი, რომ ეს პუშკაშის გუნდი იყო" - ბეგლარიშვილი უნგრეთის სახელოვან გუნდში გადავიდა

ესტონური „ფლორას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ „ჰონვედში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ბუდაპეშტური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

როგორც გუნდის განცხადებაშია ნათქვამი, „ჰონვედი“ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი ქართველზე გააკეთეს. ბეგლარიშვილი „ჰონვედში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

„ვიცი, რომ ეს ფერენც პუშკაშის გუნდი იყო და შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. სწორ ადგილას მოვედი, ჩემი პირველი შთაბეჭდილება დადებითია, აქ ყველაფერს პროფესიონალურად უდგებიან. ესტონეთში ყველაფერი მოვიგე, ახლა მინდა აქ ვითამაშო კარგად, გავიტანო გოლები და გავაკეთო საგოლე პასები „ჰონვედისთვის“. რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა, ვიგრძენი, რომ ყველაზე „ჰონვედს“ უნდოდა ჩემი დამატება. აქ ვარ და მზად ვარ წარმატებული გაზაფხულის ჩასატარებლად“, - ციტირებს ქართველის სიტყვებს უნგრული გუნდის ვებგვერდი.

28 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონურ „ფლორაში“ 2010 წლიდან თამაშობდა და ოთხჯერ გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ თასი მოიგო, ხოლო ოთხჯერ სუპერთასი. გასულ სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში 36 მატჩში 30 გოლის გატანა და 24 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო მთლიანობაში 240 შეხვედრაში 94 გოლი აქვს გატანილი და 95 საგოლე გადაცემა შესრულებული.

„ჰონვედი“ უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და სახელოვანი გუნდია. მიმდინარე სეზონში კი, 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

0.147824