ჭიდაობა

13:45 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცემა-ტყეპა ქართული ჭიდაობის “სავიზიტო ბარათი“ გახდა

სკანდალი, ცემა-ტყეპა და გაწევ-გამოწევა ბოლო წლებში სამწუხაროდ ქართული ჭიდაობის ერთგვარი “სავიზიტო ბარათი“ გახდა. ის, რაც რამდენიმე დღის წინ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხდა, ნამდვილად დიდი სირცხვილი იყო და ქართული სპორტის მოყვარულებს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ.

ყველაფერი 87 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალის დროს მოხდა, სადაც ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი ხვდებოდნენ. დათუნაშვილმა (ეს მოჭიდავე სხვათა შორის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანიცაა) მსაჯთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ქულის დაკლება გააპროტესტა, ამას ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ დიდი აგრესიით უპასუხა და ცემა-ტყეპაც ამის შემდეგ დაიწყო.

როდესაც ერთმანეთს ორი სპორტსმენი ეჩხუბება, ეს ნამდვილად უსიამოვნო სანახაობაა და არავის მოგვწონს, მაგრამ ნამდვილი სირცხვილი და თავის მოჭრაა, როდესაც სპორტსმენს (საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რის გამო) საჭიდაო ხალიჩაზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი მეგობრები ეჭრებიან და ქუჩის მოჩხუბრებივით გაწევ-გამოწევას იწყებენ. ეს, ყველაზე ცოტა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ჭიდაობა არასასურველი ხალხის ხელშია.

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ დათუნაშვილს ბლაგვი საგანი თავად ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჩაარტყა და ეს ადამიანი ზოგადად ჩხუბისას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. როდესაც სპორტსმენი ხარ და შენს პროტესტს თავად ის ადამიანები, რომლებმაც პროტესტი უნდა მიიღონ და შეაფასონ, მუშტი-კრივით ხვდებიან, ძალიან ძნელია ფედერაციისადმი რაიმე ნდობა შეგრჩეს და არ მოგინდეს ამ “კანტორის“ წინააღმდეგ წასვლა.

გეგა გეგეშიძე ორიოდე წლის წინათ პოლიტიკურ სკანდალშიც გაეხვა, როდესაც სამეგრელოს სოფელ კორცხელში მომხდარი ცემა-ტყეპის შემდეგ, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის მთავარ ავტორებად გეგეშიძეს და მის ასევე მოჭიდავე მეგობრებს ასახელებდნენ. იმ დროს გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ იყო და მიუხედავად ოპოზიციის ბრალდებებისა, ეს ადამიანი სწორედ კორცხელის ამბების შემდეგ აირჩიეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის ფედერაციის პრეზიდენტად, რაც მაშინვე ბადებდა დამატებით კითხვებს.

როდესაც სპორტული ფედერაციის ხელმღვანელებს ძალადობაში ადანაშაულებენ და მძიმე ბრალდებებს უყენებენ, ამ ამბით კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელების გარდა, პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს.

ზოგადად, არავის დაკითხვა და დასჯა არ გვანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ თუ ქვეყანაში ძალადობამ (მით უმეტეს სპორტის მესვეურთა მხრიდან) მასშტაბური სახე მიიღო, მერე აზრი ღარ ექნება არც ჭიდაობას, არც ზოგადად სპორტს და საერთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრებას. მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრებისა და ღირსეული მოქალაქეობის მაგალითს უნდა აძლევდნენ, ჩვენთან კი, ყველაფერი უკუღმა ხდება. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15404