ფეხბურთი

5:07 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "პრობლემა არავისთან მაქვს და არ მინდა პორტუგალიიდან წასვლა"
"ყველაფერი მოგვარდა. მზად ვარ ვითამაშო საქართველოსთვის"

გიორგი არაბიძე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. გასულ ზაფხულს 20 წლის ფეხბურთელმა დონეცკის „შახტარი“ დატოვა და პორტუგალიურ „ნასიონალთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულმა ინფორმაციამ ქართველი ქომაგი ნამდვილად გაახარა.

ტრანსფერიდან 6 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არაბიძემ „ნასიონალში“ ათამაშება ისე მოახერხა, როგორც გვინდა და ველოდებით. თავიდან სათამაშო დროს უთმობდნენ, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატის ეგიდით არ უთამაშია.

მას მერე, მოედანზე ერთხელ გამოჩნდა - 28 დეკემბერს, პორტუგალიის ლიგის თასზე „ტონდელასთან“ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთაგან ერთადერთი გოლი მის ანგარიშზეა. გოლიც ეფექტური გამოვიდა და ვიფიქრეთ, რომ გიორგიმ შანსი გამოიყენა...

მაგრამ, იმის მერე „ნასიონალი“ პორტუგალიის ჩემპიონატში ჯერ „გიმარაეშს“ გაეჯიბრა, ხოლო შემდეგ „პორტუს“. პირველ მატჩში ჩვენებური განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, „დრაკონებთან“ კი განაცხადშიც ვერ მოხვდა. როგორც გავიგეთ, ამის მიზეზი მცირე ტრავმა იყო.

WORLDSPORT.GE ვითარებაში უკეთ გასარკვევად გიორგის პორტუგალიაში დაუკავშირდა. არაბიძემ გვითხრა, რომ მთავარი მწვრთნელი კოშტინია იმედის თვალით უყურებს. ცნობისთვის, "ნასიონალის" თავკაცი კოშტინიაა, რომელიც ახლო წარსულში პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" ნახევარმცველი იყო. არაბიძის თქმით, ვარჯიშებზე მწვრთნელი მისით კმაყოფილია, პრობლემაც არავისთან აქვს, თუმცა, მაინც არ იცის, იშვიათად რატომ თამაშობს.

ნიჭიერი ქართველი შემტევი დარწმუნებულია, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება დროის ამბავია და „ნასიონალის“ დატოვება არ უნდა. ისაუბრა საქართველოს ნაკრებზეც და დანარჩენს თავად ამოიკითხავთ...

- „ტონდელასთან“ გოლის შემდეგ ორი თამაშია ისევ არ მოგეცათ შანსი. რატომ?

- პირველ შეხვედრაში განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ მათამაშა მწვრთნელმა, ხოლო „პორტუსთან“ შეხვედრაში განაცხადში არყოფნის მიზეზი ტრავმა იყო. ორი დღე ვერ ვივარჯიშე კოჭის მცირე ტრავმის გამო, თუმცა საბედნიეროდ სერიოზული არაფერია, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და დღეს ვარჯიში მოვახერხე. რაც შეეხება უთამაშებლობას, არ ვიცი. როდესაც მწყობრში ვიყავი, მაშინაც არ მათამაშებდა. ორჯერ ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა და ასე გააგრძელეო. ვნახოთ, რა იქნება, პრობლემა არავისთან მაქვს და ამ მხრივ მართლა ყველაფერი კარგადაა.

- სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. რჩებით „ნასიონალში“ თუ ახალ გუნდში უნდა გელოდოთ?

- არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მინდა წასვლა. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა დროის საკითხია. კარგ ჩემპიონატში ვარ, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ისეთი ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც ჩემთვის უკეთესი იქნება, ნამდვილად ვიფიქრებ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ახლაც, განვიხილავ სხვა შემოთავაზებებს. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია. თუმცა ვიმეორებ, მინდა ამ ჩემპიონატში დავრჩე.

- ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში დაწერეს, რომ „დესნა“ იყო დაინტერესებული...

- არანაირი „დესნა“ და უკრაინა არ ყოფილა. ეს ინფორმაცია მაშინ მეც პირველად გავიგე და ვის სჭირდება ასეთი ჭორების გავრცელება, არ ვიცი.

- კოშტინია („ნასიონალის“ მწვრთნელი - ავტ) რას ფიქრობს თქვენზე, როგორი დამოკიდებულებით გამოირჩევა?

- პოზიტიურადაა განწყობილი. მეუბნება კიდეც, რომ მოვწონვარ და უნდა გავაგრძელო მუშაობა. „ტონდელასთან“ გოლი მომილოცა და მითხრა, რომ კარგი თამაში ჩავატარე.

- საქართველოს ნაკრებში იყო პრობლემები. ახლა რა ვითარებაა?

- ყველაფერი მოგვარებულია. ყოველთვის მზად ვარ, რომ ვითამაშო საქართველოსთვის, რადგან ეს ჩემთვის ყველაფერზე მეტს ნიშნავს. რაც შეეხება თამაშს, ვიქნები თუ არა ეროვნული ნაკრების წევრი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121186