კალათბურთი

22:03 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ნავსი გატეხა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგასა და ადრიატიკის ლიგის ეგიდით განცდილი მიჯრით 8 მარცხის მერე, ნანატრი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა დიდი წვლილი შეიტანა.

პოდგორიცელებმა შინაურ კედლებში ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ “იგოკეას” 96:70 სძლიეს, არადა, დიდი შესვენებისთვის მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩებოდნენ, დარჩენილ დროში კი 53:24 იმარჯვეს.
19 წლის ბითაძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და 23:19 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.


გოგამ 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მონტენეგროელ დანილო ნიკოლიჩს (18) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
“ბუდუჩნოსტმა” 9 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ სერბულ “ცრვენა ზვეზდასა” და ხორვატულ “ცედევიტას” ჩამორჩება.
ბითაძის გუნდს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო შეხვედრა 14 იანვარს ბელგრადში ფმპ-სთან ელის, მანამდე კი, 9 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის “მაკაბის” ესტუმრება.

0.112697