ფეხბურთი

2:36 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ "იუვენტუსი" მარცხისგან იხსნა

იტალიის სერია A-ს Boxing Day დაიწყო. ზოგადად, პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი ტენდეცია იტალიაში ახლა იდგამს ფეხს და საშობაოდ ტური ჩატარდა.

მე-18 ტური, რის შემდგომაც, „იუვენტუსმა“ როგორც იქნა, ორი ქულა დაკარგა, მაგრამ მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა შემცირების ნაცვლად გაიზარდა. ეს მილანის „ინტერის“ დამსახურებაა, რომელმაც ტურის დასკვნით და ცენტრალურ მატჩში „ნაპოლის“ უმასპინძლა და დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული, თუმცა ნაკლე სანახაობრივი გამოვიდა. მატჩის გმირი ლაუტარო მარტინესი გახდა, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და „ნერაძურის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ახლა ლუჩანო სპალეტის გუნდი იმავე „ნაპოლის“ 5 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე გადასვლის იმედი გაუჩნდა. აი, კარლო ანჩელოტის ბიჭები კი „იუვენტუსს“ უკვე 9 ქულით ჩამორჩნენ და ნათელია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ.

არადა, „იუვემ“ მიმდინარე სეზონში მეორედ დაკარგა ქულები. მასიმილიანო ალეგრიმ პირველად გაამწესა სათადარიგო სკამზე კრიშტიანუ რონალდუ, იფიქრა დავასვენებო, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდის ლიდერის თამაშში ჩართვა მაინც მოუწია. სწორედ კრიშტიანუმ იხსნა „იუვე“ იტალიის ჩემპიონატში პირველი მარცხისგან. ტურინელებმა კარგად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე იგებდნენ, მაგრამ მერე „ატალანტა“ თამაშობდა ფეხბურთს, რომლის რიგებში დუვან ძაპატა შეუჩერებელი იყო. კოლუმბიელმა დუბლი გაიფორმა. ამას ისიც დაერთო, რომ ტურინელებს როდრიგო ბენტანკური 53-ე წუთზე გაუძევეს. ალეგრიმ საქმეში რონალდუ ჩართო, რომელმაც ერთადერთი შანსი გამოიყენა, 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაც ფრედ - 2:2 დასრულდა.

„მილანის“ საშინელი პერიოდი კი გრძელდება. ჯენარო გატუზოს გუნდს მოგებას ვინ ჩივის, გოლის გატანაც ენატრება. უკვე მიჯრით 4 მატჩია „როსონერის“ მეტოქის კარი არ დაულაშქრავს და ასეთი ცუდი სერია ბოლოს 34 წლის წინ ჰქონდა. ლომბარდიელებმა ამჯერად ჩემპიონატის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს, „ფროზინონეს“ ვერ დააკლეს ვერაფერი და მეტიც, ჯანლუიჯი დონარუმა რომ არა, საერთოდაც დამარცხდებოდა.

სამაგიეროდ, მოიგეს რომაულმა გუნდებმა - „რომა“ შინ „სასუოლოს“ ადვილად გაუმკლავდა, ხოლო „ლაციომ“ სტუმრად „ბოლონია“ დაამარცხა. აქ ძმების დუელი შედგა, სიმონე ინძაგიმ ფილიპო დაამარცხა, რაც გასაკვირი არ ყოფილა - „ბოლონია“ ხომ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და ასე თუ გაგრძელდება „პიპოს“ დღეებიც დათვლილია „როსობლუს“ თავკაცის პოსტზე.

უნდა გამოვყოთ გენუის „სამპდორიას“ მორიგი გამარჯვება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა და ფაბიო კვალიარელას მორიგი გოლი. 35 წლის ვეტერანმა ზედიზედ მერვე შეხვედრაში გაიტანა გოლი, რაც ბუნებრივია დიდებული შედეგია.

სერია A-ს მე-19 ტური 29 დეკემბერს გაიმართება და შემდეგ კალჩო ერთთვიან პაუზას აიღებს.

„ფროზინონე“ – „მილანი“ 0:0 (0:0)

„ფიორენტინა“ – „პარმა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ინგლეზე (45)

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ჯიმშიტი (2, ა.გ), 1:1 ძაპატა (24), 2:1 ძაპატა (56), 2:2 რონალდუ (78)

„ბოლონია“ – „ლაციო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუის ფელიპე (30), 0:2 ლულიჩი (90)

„კალიარი“ – „ჯენოა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ფარიასი (45)

„სამპდორია“ – „კიევო“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კვალიარელა (47), 2:0 რამირესი (59)

„რომა“ – „სასუოლო“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 პეროტი (8, პენ), 2:0 შიკი (23), 3:0 ძანიოლო (59), 3:1 ბაბაკარი (90)

„ტორინო“ – „ემპოლი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნ’კულუ (44), 2:0 დე სილვესტრი (49), 3:0 იაგო ფალკე (75)

„სპალი“ – „უდინეზე“ 0:0 (0:0)

„ინტერი“ – „ნაპოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლაუტარო მარტინესი (90)

0.150479