ფეხბურთი

2:06 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "დორტმუნდს" მიუახლოვდა

ფრანკ რიბერის გვიანმა გოლმა „ბაიერნი“ საჩემპიონო რბოლაში დააბრუნა. „დორტმუნდს“ მე-16 ტურში ფეხი დაუცდა და „რეკორდმაისტერს“ დიდებული შანსი მიეცა, რომ 9-ქულიანი ჩამორჩენა შეემცირებინა.

თუმცა, „ალიანც არენაზე“ „ლაიფციგი“ არაფრის დათმობას არ აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკო კოვაჩის გუნდს საგოლე მომენტები მანამდეც ჰქონდა, გამარჯვების გოლი თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გაიტანა. მატჩის გმირი ფრანკ რიბერი გახდა და „ბაიერნმა“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. წინ კი, მთელი მეორე წრეა, „დორტმუნდს“ მოდუნების უფლება არ ექნება.

დღის სხვა მატჩებს რაც შეეხება, გამოსარჩევია „ლევერკუზენის“ საგარეო გამარჯვება „შალკესთან“. მიმდინარე სეზონი ორივე გუნდისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს, მაგრამ ეს განსაკუთრებით ვიცე-ჩემპიონზე ითქმის, რომელიც მთელი სეზონია გასავარდნ ზონასთან ტრიალებს. ქომაგები დომენიკო ტედესკოს გათავისუფლებას ითხოვენ, ამასობაში კი „შალკემ“ საკუთარ „ველტინს არენაზე“ მეხუთე თამაში წააგო და ანტირეკორდი დაამყარა, საქმე ისაა, რომ „მეშახტეებს“ საკუთარ მოედანზე ერთი წრის განმავლობაში 5 მატჩი აქამდე არასდროს წაუგიათ.

„ჰანოვერმა“ ფრაიბურგში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, მაგრამ გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწია და დიდი ალბათობით, ვერც პირველი წრის დასრულებამდე დააღწევს და იქ გამოიზამთრებს.

„ჰოფენჰაიმმა“ კი ბრემენში ორი ქულა დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო მოსცილდა. ასევე ფრედ, ოღონდ უფრო შედეგიანად (2:2) დასრულდა „მაინცისა“ და „აინტრახტის“ შეხვედრა.

„შალკე“ – „ლევერკუზენი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 დრაგოვიჩი (26), 0:2 ალარიო (35), 1:2 რაიტი (45)

„მაინცი“ – „აინტრახტი“ 2:2 (2:2)

გოლები: 1:0 ქუაისონი (10), 1:1 იოვიჩი (31), 2:1 ქუაისონი (36), 2:2 იოვიჩი (45)

„ბაიერნი“ – „ლაიფციგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 რიბერი (83)

„ფრაიბურგი“ – „ჰანოვერი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (3, პენ), 1:1 ფელიპე (14)

„ვერდერი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბიტენკურტი (31), 1:1 გებრე სელასიე (57)

თეგებიბუნდესლიგა
0.223032