ფეხბურთი

3:01 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" დიუსელდორფში დაეცა

დორტმუნდის „ბორუსიასთვის“ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი დიდებულად წარიმართა და სამი დღის წინ ზამთრის ჩემპიონობაც გაიფორმა. ლუისენ ფავრის გუნდი მართლაც შესაშურ ფორმაშია და ბუნდესლიგაში 15 ტური ისე განვლო, რომ თამაშიც არ წააგო (12 მოგება, 3 ფრე).

თუმცა, დასასრული ყველაფერს აქვს და დასრულდა ეს წაუგებელი სერიაც. დიუსელდორფში „ყვითლები“ სამი ქულისთვის ჩავიდნენ, მაგრამ სახლში ხემოცარულნი, უქულოდ მოუწიათ დაბრუნება. ლუკებაკიოსა და ზიმერის გოლებით „ფორტუნამ“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. სხვათა შორის, დიუსელდორფელთა აქტივში 16 ტურის მერე ოდენ 15 ქულაა და აქედან 4 „დორტმუნდთან“ და „ბაიერნთან“ მოიპოვა! ფავრის გუნდი კი ცხრილის სათავეში დარჩა, ოღონდ ეგაა, რომ ხვალ „ბაიერნს“ ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირების შანსი ექნება.

იქამდე, „გლადბახმა“ უკვე შეამცირა ქულათა სხვაობა ექვსამდე. დიტერ ჰეკინგის გუნდმა აუტსაიდერი „ნიურნბერგი“ „ბორუსია პარკზე“ ტორგან აზარისა და ალასან პლეას გოლებით უპრობლემოდ დაამარცხა.

ევროზონაში შევიდა „ვოლფსბურგი“, რომელმაც „შტუტგარტს“ ასევე 2:0 აჯობა, ბერლინში, „ჰერტამ“ და „აუგსბურგმა“ ქულები გაინაწილეს. ბუნდესლიგის მე-16 ტურის 5 შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.

„გლადბახი“ – „ნიურნბერგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 აზარი (47), 2:0 პლეა (86)

„დიუსელდორფი“ – „დორტმუნდი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლუკებაკიო (22), 2:0 ზიმერი (56), 2:1 პაკო ალკასერი (81)

„ჰერტა“ – „აუგსბურგი“ 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (8), 1:1 ლეკი (28), 2:1 დუდა (31), 2:2 კოო

„ვოლფსბურგი“ – „შტუტგარტი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გილავოგი (24), 2:0 ვეგორსტი (44)

თეგებიბუნდესლიგა
0.228044