ფეხბურთი

3:26 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" და "ფიორენტინამ" გამარჯვების გემო გაიხსენეს, "ნაპოლი" არ ნებდება

„ნაპოლი“ როგორც ჩანს, დანებებას არ აპირებს და სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს. ყოველშემთხვევაში, რაც კარლო ანჩელოტის გუნდზეა დამოკიდებული ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეგაა, „იუვენტუსი“ არ აპირებს ქულების დაკარგვას.

შაბათს 11 ქულამდე გაზრდილი სხვაობა, კვირას ისევ რვამდე შემცირდა. ანჩელოტიმ „კალიარისთან“ საგარეო შეხვედრაში წამყვან ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა მისცა და თადარიგში ჰამშიკი, მერტენსი, ინსინიე და კალეხონი ერთდროულად გაამწესა. თუმცა, ხსენებული ოთხეულიდან სამის მოედანზე შეშვება „პაპა კარლოს“ მაინც მოუწია, რადგან სარდინიელთა კარში გოლი არ გადიოდა. და მაინც, შეხვედრის გმირი სხვა გახდა. ის, რაც ბოლო წუთზე „ენფილდ როუდზე“ ვერ შეძლო არკადიუშ მილიკმა, მოახერხა „სარდინია არენაზე“, სადაც პოლონელის ზუსტი დარტყმით ნეაპოლელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და ბრძოლაში დარჩნენ.

როგორც იქნა მოიგო „რომამ“. თუმცა, ვაი, ასეთ მოგებას! „ჯენოამ“ „ოლიმპიკოზე“ ბევრი პრობლემა შეუქმნა და „მგლებს“ და ორჯერ უგებდა კიდეც. კატასტროფული გაუშვა რობინ ოლსენმა (პირველი), მერე ფაციომ გაათანაბრა, მაგრამ ორიოდ წუთში ჰილიემარკმა გენუელები ისევ დააწინაურა. „რომა“ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ლიგურიელებს გოლების გატანა კიდევ არაერთხელ შეეძლოთ. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჯასტინ კლუივერტმა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ბრაიან კრისტანტემ „ჯალოროსის“ უმძიმესი, მაგრამ მაინც გამარჯვება მოუტანეს. ეუსებიო დი ფრანჩესკომ ნამატჩევს თქვა, რომ მთავარი სამი ქულაა, მაგრამ გუნდი ჯერ კიდევ ავადაა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „ფიორენტინას“ გამარჯვება, რომელმაც ტოსკანურ დერბიში ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე „ემპოლი“ დაამარცხა. საინტერესოა, რომ „იებმა“ 9 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

„სპალი“ – „კიევო“ 0:0 (0:0)

„ფიორენტინა“ – „ემპოლი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 კრუნიჩი (24), 1:1 მირალასი (40), 2:1 სიმეონე (59), 3:1 დაბო (78)

„ფროზინონე“ – „სასუოლო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 არიაუდო (44, ა.გ), 0:2 ბერარდი (58)

„სამპდორია“ – „პარმა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კაპრარი (66), 2:0 კვალიარელა (69)

„კალიარი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მილიკი (90)

„რომა“ – „ჯენოა“ 3:2 (2:2)

გოლები: 0:1 პიონტეკი (17), 1:1 ფაციო (31), 1:2 ჰილიემარკი (33), 2:2 კლუივერტი (45), 3:2 კრისტანტე (59)

თეგებისერია A
0.158935