ძიუდო

14:14 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც ჩინეთის ქალაქ გუანჟოუში დაგეგმილ მასტერსზე არიან დარეგისტრირებულნი, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ სულ ტატამზე შვიდ ჩვენებურს ვიხილავთ, მათგან 2 – ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი კი ძალებს უმსუბუქეს – 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოსინჯავს.
პაპინაშვილს პირველი განთესვა აქვს და ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე ჩინელი იი შანი იქნება. თუკი ამირანმა მას აჯობა, მეოთხედფინალში რუს ისლამ იაჰუშევსა და ბრაზილიელ ფელიპე პელიმს შორის უმჯობესთან ჭიდილი ელის.
ასევე მე-2 რაუნდიდან გავა ტატამზე ჩხვიმიანი, რომელიც რუსეთის სახელით მოასპარეზე – 2017 წლის ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს მოქმედ ვერცხლის მედალოსან რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, ლუხუმი ნახევარფინალის საგზურს ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკესა და ბრიტანელი ეშლი მაკკენზის შერკინებაში გამარჯვებულს შეეცილება.
ასევე პირველი განთესვა აქვს ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ.), რომელიც მე-2 წრეში კუბელ ოსნიელ სოლისს ელისს. მისივე ჯგუფში არიან ყაზახი იელდოს ჟუმაკანოვი, რუსი იაკუბ შამილოვი და უზბეკი შახრამ ახადოვი.
მხოლოდ 16 მონაწილეა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი იცავს. ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში თურქ ბილალ ჩილოღლუსთან შეხვედრით ჩაებმება, ხოლო თუ იმარჯვა, მეოთხედფინალში, აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსა (2016 წლის ოლიმპიადის ფინალისტი) და ირანელ მოჰამად მოჰამადის (მსოფლიოს მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორი) შორის წარმატებულს დაუპირისპირდება.
ქართული დელეგაციას მონაწილე არ ჰყავს 81 კგ-ში, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი საქმეში ბექა ღვინიაშვილს ვიხილავთ. ჩვენებური მე-2 წრეში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდს გაეჯიბრება და თუ მას გაცდა, სერბ ალეკსანდარ კუკოლსა და ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს შორის უმჯობესს შეხვდება. ვთქვათ ისიც, რომ ამ წონაში უმთავრეს ფავორიტად ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მიიჩნევა, რომელსაც ღვინიაშვილი ფინალამდე არ ხვდება.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანის 100 კგ-ში პირველ ნომრადაა განთესილი და მასტერსში მე-2 წრიდან რუს ნიაზ ბილალოვთან შერკინებით ჩაებმება. თუკი ქართველმა ძიუდოისტმა მას სძლია, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვსა და ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერს შორის უკეთესს დაელოდება.
დასასრულ მძიმე წონაზეც (+100 კგ.) ვთქვათ, სადაც პირველ ნომრად ასევე ქართველი – გურამ თუშიშვილი დგას. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მე-2 წრეში ყირგიზ იური კრაკოვეცკის დაუპირისპირდება და თუკი მისი ბარიერი დასძლია, ნახევარფინალის საგზურისთვის ავსტრიელი სტეფან ჰეგისა და რუსი ინალ ტასოევის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება.
მასტერსის რეგლამენტის თანახმად, 15 დეკემბერს მედლები ვაჟთა 60, 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 16-ში კი – 81, 90, 100 და +100 კგ-ში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება, ფინალები კი 13:00 საათიდანაა დაგეგმილი.

0.120875