ფეხბურთი

15:31 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

განცხადება - WORLDSPORT.GE მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას!

WORLDSPORT.GE მხარს უჭერს საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც ვებგვერდ Adjarasport.com-ის ჟურნალისტს შეემთხვა, რომელმა ერთ-ერთი ფეხბურთელისგან მუქარის შემცვლელი წერილი მიიღო.

ამასთან დაკავშირებით, გამოცემამ განცხადება გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ და აქვე დავძენთ, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჟურნალისტის თავისუფალი სიტყვა:

11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი "სამტრედიას" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში adjarasport.com-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარისშემცველი ტექსტი მისწერა.

ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარისშემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.

adjarasport.com საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ონლაინპორტალია, რომლის უმთავრესი მისია იყო, არის და იქნება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ქართველი სპორტსმენების ხალხისთვის გაცნობა. adjarasport.com წლებია, საქართველოს ჩემპიონატს აქტიურად აშუქებს და ცდილობს, ეროვნული ლიგის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს.

adjarasport.com-ის რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

0.113314