კალათბურთი

3:53 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი მატჩი და MVP-ის ტიტული ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში მორიგი მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“, რომელიც საკუთარ მოედანზე „მურსიასთან“ ვერაფერს გახდა - 67:81.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც 6 ქულის სხვაობით, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდში მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბურჯანაძე გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, 33:14 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ხუთივე მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ. შესაბამისად, შეხვედრის MVP-იც გახდა.

თუ ქართველი კალათბურთელი მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის, იგივეს ვერ ვიტყვით მის გუნდზე, რადგან 11 ტურის თავზე 2 მოგებითა და 9 წაგებით ბოლო საფეხურზეა. „გიპუზკოა“ მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს, სტუმრად „მორაბანკ ანდორასთან“ ჩაატარებს.

ამავე ტურში წააგო გიორგი შერმადინის „უნიკახამაც“, რომელიც სტუმრად „ჟუვენტუტთან“ 86:93 დამარცხდა. ანდალუზიელთა რიგებში ამჯერად დიდად ვერ გამოიჩინა თავი ქართველმა ცენტრმა.

შერმადინმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩის გმირი გახდა, მოედანზე 14:26 წუთი გაატარა. ამ დროში გიორგიმ 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა გაახერხა. „უნიკახას“ ცენტრმა 3 ორქულიანი ისროლა და ორჯერ ბურთი კალათში მოათავსა.

„უნიკახას“ 8 გამარჯვების საპირწონედ 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. მალაგელები მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებენ.

0.111784