ფეხბურთი

18:35 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "დინამომ" მეორე ადგილი გაინაღდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. 35-ე ტურის შეხვედრები დღეს იმართება. უკვე დასრულდა ორი თამაში - „დინამომ“ და „ტორპედომ“ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

„ტორპედომ“ ბოლნისის „სიონთან“ გასვლითი მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრას მასპინძელთათვის გაცილებით დიდი მნიშვნელოვბა ჰქონდა, ვიდრე სტუმართათვის. მიუხედავად ამისა, კლასში სხვაობა საგრძნობი იყო და „ტორპედოს“ მორიგი სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია.

პირველ ტაიმში მილოშ ლაჩნიმ, ხოლო მეორე ნახევარში თენგიზ წიქარიძემ და გიორგი ქიმაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 0:3. შედეგად, „ტორპედო“ ისევ მესამე ადგილზეა და სეზონის ამავე საფეხურზე დაასრულებს, ხოლო „სიონი“ მერვე პოზიციაზე გავიდა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის პლეი-აუტში მოუწევს გარჯა.

თავისი შეხვედრა მოიგო „დინამო თბილისმაც“. ზაურ სვანაძის გუნდმა ჩემპიონობის შანსის დაკარგვის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოახერხეს გამარჯვება. ამჯერად, თბილისელებმა ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნილი „კოლხეთი“ ფოთში დაამარცხეს. მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც ბომბარდირობისთვის იბრძვის და გიორგი გაბედავას უკვე 2 გოლით გაასწრო.

„დინამოს“ 69 ქულა აქვს და მეორე ადგილი გაინაღდა. მართალია, სხვაობა "ტორპედოსთან" 3 ქულაა, მაგრამ ეროვნულ ლიგაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება. "დინამომ" "ტორპედოს" ერთი თამაში 2:0 მოუგო, ერთი 0:1 წააგო, ხოლო ორი თამაში ფრედ დასრულდა. შესაბამისად, მცირე, მაგრამ უპირატესობას მაინც ფლობს. რაც შეეხება „კოლხეთს“, ბოლო პოზიციაზეა და დამდეგ სეზონში ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად მოუწევს გარჯა.

„სიონი“ – „ტორპედო“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაჩნი (35), 0:2 წიქარიძე (65), 0:3 ქიმაძე (84)

„კოლხეთი“ – „დინამო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 შენგელია (19), 0:2 ზივზივაძე (78)

სტატისტიკა
0.261639