ფეხბურთი

2:06 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ჩემპიონთა ლიგის ზონაშია

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მეორე სათამაშო დღემ „მილანის“ წისქვილზე დაასხა წყალი. „როსონერიმ“ ოთხეულში დაბრუნება მოახერხა და დაუძინებელ მტერ „ინტერთანაც“ მოახერხა ჩამორჩენის შემცირება.

ჯენარო გატუზოს გუნდმა „პარმას“ უმასპინძლა საკადრო პრობლემებით. მარტო გონსალო იგუაინისა და ალესიო რომანიოლის არყოფნა რად ღირს? მიუხედავად ამისა, „მილანმა“ ხასიათი გამოავლინა. უგოლო ტაიმის შემდეგ პარმეზანებმა გახსნეს ანგარიში. რობერტო ინგლეზემ კუთხურის მერე ყველას დაასწრო და ჯანლუიჯი დონარუმას შასნი არ ჰქონია.

აი, სწორედ გაშვებული გოლის შემდეგ მოახერხა „მილანმა“ გამოფხიზლება და რეაგირებაც შეძლო. ჯერ პატრიკ კუტრონემ გაათანაბრა, ხოლო ფრანკ კესიემ პენალტით ლომბარდიული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეიყვანა.

„მილანმა“ რომის „ლაციოს“ გადაასწრო, რომელმაც ღრმა აუტსაიდერ და პრაქტიკულად განწირულ „კიევოს“ ვერ აჯობა. მეტიც, მეორე ტაიმში ჩირო იმმობილემ გაათანაბრა, თორემ „არწივები“ უქულოდ დარჩებოდნენ. „მფრინავ ვირებს“ კი ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ, არადა, „ლაციოს“ ვეტერანი სერჯო პელისიერის გოლით უგებდნენ. სიმონე ინძაგი ერთობ უკმაყოფილო დარჩა თავისი გუნდის გარჯით და ნამატჩევს თქვა, რომ შესვენებაზე 11-ვე ფეხბურთელის შეცვლა მინდოდაო...

„ლაციოსი“ არ იყოს, არც „რომას“ მისდის საქმეები კარგად. თუმცა, „ჯალოროსის“ „ინტერთან“ საშინაო ფრე მაინც აქტივში უნდა ჩავუწეროთ. კეიტა ბალდესა და მაურო იკარდის გოლებით ლუჩანო სპალეტის გუნდი დედაქალაქში ორჯერ იგებდა, მაგრამ ორჯერვე ჯენგიზ იუნდერისა და ალექსანდრ კოლაროვის გოლებით მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „რომა“ თამაშიდან გამომდინარე წაგებას არ იმსახურებდა. ეს ფრე კი, სავარაუდოდ, დი ფრანჩესკოს სამსახურს შეუნარჩუნებს. „რომა“ მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონა 5 ქულითაა მოშორებული, ხოლო „ინტერი“ ლიდერ „იუვენტუსს“ უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო ტური სწორედ „იუვესა“ და „ინტერის“ მატჩით გაიხსნება, თუმცა, იქამდე მე-14 ტური უნდა დასრულდეს. ორშაბათს, „ნაპოლი“ ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრება.

„მილანი“ – „პარმა“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ინგლეზე (49), 1:1 კუტრონე (55), 2:1 კესიე (71, პენ)

„ტორინო“ – „ჯენოა“ 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 კუამე (36), 1:1 ანსალდი (45), 2:1 ბელოტი (45, პენ)

„ფროზინონე“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კასატა (14), 1:1 ფარიასი (77)

„სასუოლო“ – „უდინეზე“ 0:0 (0:0)

„კიევო“ – „ლაციო“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პელისიერი (25), 1:1 იმმობილე (66)

„რომა“ – „ინტერი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კეიტა (37), 1:1 ჯენგიზ იუნდერი (51), 1:2 იკარდი (66), 2:2 კოლაროვი (74, პენ)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.410171