ფეხბურთი

1:54 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელების შაბათი პრიმერაში

წინა ტურში „ეიბართან“ შერცხვენის შემდეგ (0:3), მადრიდის „რეალმა“ „ვალენსიას“ დამარცხებით ნაწილობრივ მოიგო ქომაგების გულები. თუმცა, სტუმრებმა მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. ეგ არის, მიზანი არ უვარგოდათ.

შეხვედრის ბედი გარკვეულწილად ადრეულმა გოლმა, უფრო სწორად, ავტოგოლმა გადაწყვიტა. მე-8 წუთზე დანიელ კარვახალის ჩაწოდებული ბურთი, მისმა სეხნია სტუმარმა, დანიელ ვასმა თავით შეაგდო ნეტოს კარში.

„რეალი“ შემდეგაც განაგრძობდა მეტოქეზე ზეწოლას. თუმცა, ნელ-ნელა „ღამურებმა“ ვითარებას ალღო აუღეს და მწარე ჩხვლეტები წამოიწყეს. ხან უზუსტობა, ხანაც მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუას შესანიშნავი თამაში შველოდათ მასპინძლებს.

ბოლოს „სამეფო კლუბმა“ მაინც იძალა. დამთავრებამდე შვიდი წუთი რჩებოდა, როცა ბენზემა - ლუკას ვასკესის საჯარიმოში გათამაშებული კომბინაცია, ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 2:0.

საინტერესოა, რომ ეს „რეალის“ მესამე გამარჯვება იყო ბოლო ოთხ მატჩში, სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით.

„რეალმა“ 23 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა. „ვალენსია“ კი 17 ქულით მე-13 პოზიციაზე დარჩა.

მოიგო მეორე მადრიდულმა გუნდმაც. „რაიო ვალეკანომ“ თავის „კამპო დე ვალეკასზე“ ადრიან ემბარბას ეული გოლით სძლია „ეიბარს“.

„სელტამ“ „უესკა“ შესანიშნავ ფორმაში მყოფი იაგო ასპასის დუბლით 2:0 დაამარცხა. ორი გოლი გაიტანა ლეგანესელმა გუიდო კარილიომაც „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში.

კვირას კი პრიმერას ლიდერები თამაშობენ. „სევილია“ „ალავესს“ ეწვევა, „ატლეტიკო“ – „ჟირონას.“ „ბარსელონა“ კი „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-14 ტური. 1 დეკემბერი

რეალი - ვალენსია 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 69 653

1:0 ვასი (8, საკ. კარში), 2:0 ვასკესი (83)

რეალი: კურტუა, რამოსი, კარვახალი, ვარანი, რეგილონი, მოდრიჩი (ვალვერდე 71), ვასკესი, ლიორენტე, სებალიოსი (ისკო 80), ბენზემა, ბეილი (ასენსიო 63)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

ვალენსია: ნეტო, გარაი, პაულისტა, გაია, ვასი (პიჩინი 68), პარეხო, კოკელინი (კონდოგბია 68), გედეში, სოლერი, გამეირო (ბაჩუაი 72), მინა

მწვრთნელი: მარსელინო

მსაჯი: ხოსე გონსალესი

გაფრთხილება: სებალიოსი (71); პაულისტა (6), სოლერი (11), გაია (20)

სელტა - უესკა 2:0

1:0, 2:0 იაგო ასპასი (38, 77)

ვალიადოლიდი - ლეგანესი 2:4

0:1 სიოვასი (11), 0:2 ოსკარ როდრიგესი (42), 1:2 ტონი ვილია (50), 1:3, 1:4 კარილიო (66, 75), 2:4 უნალი (90+4)

ხეტაფე - ესპანიოლი 3:0

1:0 მოლინა (55), 2:0 ხაიმე მატა (65), 3:0 ანტუნეში (80)

30 ნოემბერი

რაიო ვალეკანო - ეიბარი 1:0

1:0 ემბარბა (53)

სტატისტიკა
0.367839