ფეხბურთი

2:30 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "იუვენტუსს" კიდევ უფრო ჩამორჩა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის შემდეგ ტურინის „იუვეტუსის“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. „იუვემ“ შაბათს მოიგო თავისი შეხვედრა, ხოლო „ნაპოლიმ“ კვირას წაიფორხილა.

კარლო ანჩელოტის გუნდს ერთი შეხედვით ადვილად უნდა მოეგო. ნეაპოლს ვერონას „კიევო“ ეწვია, რომელიც ქულის გარეშე ბოლო პოზიციაზე იმყოფებოდა (ვერონელებს 3 ქულა დაკლებული აქვთ). მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ მოახერხა და ღრმა აუტსაიდერთან საკუთარ მოედანზე ვერ მოიგო. ვისღა გაახსენდება, რომ ანჩელოტის შეგირდებს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ და გამარჯვება შეეძლოთ? - არც არავის, მთავარი ტაბლოა და ისტორია მხოლოდ ორ ნულს შემოინახავს. შედეგად, „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 8 ქულით ჩამორჩა... მიუხედავად ამისა, ანჩელოტი იმედს არ კარგავს და ნამატჩევს აღნიშნა, რომ მისი გუნდი ოცნების ასახდენად ბოლომდე იბრძოლებს.

ტურის ცენტრალური მატჩი რომში შედგა, მაგრამ რად გინდა, მეტად უფერული დაპირისპირება ვიხილეთ. ოთხეულისთვის მებრძოლებმა, „ლაციომ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს. სტუმრები დედაქალაქს განახევრებული შემადგენლობით ეწვივნენ და ალბათ, ქულაზეც მატჩის დაწყებამდეც თანახმა იქნებოდნენ, მაგრამ ძნელია, როცა საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე გამარჯვება ხელიდან გეცლება. სიმართლე რომ ვთქვათ, ჯენარო გატუზოს გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მოეგო, მაგრამ 78-ე წუთზე უშვიათესი შეტევა გოლით დაასრულა და დაწინაურდა. თავის მხრივ, ვერც „ლაციო“ ვარგოდა, მაგრამ ქულას მაინც იმსახურებდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში სიმონე ინძაგის გუნდი მარცხისგან ხოაკინ კორეას ლამაზმა გოლმა იხსნა. შედეგად, „ლაციალემ“ „მილანთან“ ერთქულიანი უპირატესობა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა.

საერთოდ, ეს დღე ფრეებით გამოირჩა. „ნაპოლი“ – „კიევოს“ მსგავსად, უგოლოდ დასრულდა „ბოლონიასა“ და „ფიორენტინას“ მატჩი. ფლორენციელებს მოგებაც დაავიწყდათ და წაგებაც - უკვე მიჯრით ხუთი ტურია სტეფანო პიოლის გუნდი ფრეს თამაშობს. თავის მხრივ, ფილიპო ინძაგის „ბოლონია“ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.

მშვიდობიანად დასრულდა გენუური დერბი. „დერბი ლანტერნა“, „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შორის. სწრაფი გოლები ვიხილეთ. ფაბიო კვალიარელას თავურს კრშიშტოფ პიონტეკმა თავური დარტყმით უპასუხა. მერე არაფერი შეცვლილა. თუმცა, ეს „სამპას“ მეკარის, ემილ აუდეროს დამსახურებაა, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი გოლისგან და თითქოს გამოუვალი მდგომარეობისგან.

ჩვენთვის კარგი ამბავიც მოხდა - ლევან მჭედლიძე დაბრუნდა. მართალია, ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 89-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ესეც სასიხარულოა და მომავლის იმედს აჩნეს. მისმა „ემპოლიმ“ კი „ატალანტასგან“ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და მორიგი მარცხი ახლოს იყო, მაგრამ საოცრება მოახდინა და მერე თავად გაიტანა 3 გოლი. შესაბამისად, ტოსკანელებმა მოიგეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

ამასობაში, ოთხეულთან სამი ქულა აშორებს „პარმას“, რომელმაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჟერვინიოს მეოხებით მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად „სასუოლო“ დაამარცხა.

ტური კი ორშაბათს, „კალიარისა“ და „ტორინოს“ შეხვედრით დასრულდება.

„პარმა“ – „უდინეზე“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ჟერვინიო (6), 2:0 ბრუნო ალვეში (25), 2:1 ბაბაკარი (36, პენ)

„ბოლონია“ – „ფიორენტინა“ 0:0 (0:0)

„ემპოლი“ – „ატალანტა“ 3:2 (1:2)

გოლები: 0:1 ფროილერი (33), 0:2 ჰატებური (40), 1:2 ლა გუმინა (42), 2:2 მაზიელო (77, ა.გ), 3:2 სილვესტრე (90)

„ნაპოლი“ – „კიევო“ 0:0 (0:0)

„ლაციო“ – „მილანი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კესიე (78), 1:1 კორეა (90)

„ჯენოა“ – „სამპდორია“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კვალიარელა (8), 1:1 პიონტეკი (17, პენ)

თეგებისერია A
0.156971