სხვა

13:10 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს კაჩი-კოშთან ერთი მოგება აშორებს (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი კიუშიუ ბაშოს მე-13 დღეს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივას გაეჯიბრა და კოშიკუდაკეთი იმარჯვა. ქართველმა სეკიტორმა უმძიმესი ორთაბრძოლა გადაიტანა, დოჰიოს კიდესთან და შესაბამისად, მარცხთანაც ახლოს იყო, თუმცა, გარდატეხის შეტანა მოახერხა, მონღოლ მეტოქეს ჯერ წინ დაქაჩა, შემდეგ კი უკუაგდო და ბეჭებზე დასცა.
ამგვარად, ლევანმა 6 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად, დარჩენილ ორ შერკინებაში 1 მოგებაც ეყოფა, ამ შემთხვევაში კი, ოძეკის პრესტიჟულ წოდებასაც შეინარჩუნებს.
“იმპერატორის თასთან” ყველაზე ახლოს კვლავაც აღოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო რჩება, რომელმაც დღეს მე-12 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აოიამასთან გაიფორმა. 11 მოგება აქვს დასავლეთის პირველ ოძეკი ტაკაიასუს, შემდეგ კი, 10 წარმატებული ორთაბრძოლით დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ოკინოუმი მოდის.
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი სეკივაკე მიტაკეუმი (6 მოგება, 7 მარცხი) იქნება, რომელსაც წაგების უფლება აღარ აქვს, ამდენად, დოჰიოზე მაქსიმუმს გაიღებს. ქართველი სეკიტორი მას 8-ჯერ შეხვედრია და 5-ჯერ დამარცხებული ჰყავს.
კიუშიუ ბაშო უკვე დაასრულა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ამჯერად რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ირჯებოდა და შესაბამისად, მხოლოდ 7 ორთაბრძოლის ჩატარება მოუხდა.
ქართველ გოლიათს შეჯიბრის 3 დღის თავზე 2 მარცხი ჰქონდა, თუმცა, შემდეგ მიჯრით 4 გამარჯვება იზეიმა და სოლიდური დადებითი ბალანსი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუს მაკუშიტაში პირველი განთესვა გააჩნდა, ამდენად, აღნიშნული შედეგის წყალობით, რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დაბრუნება გაინაღდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122266