კალათბურთი

20:47 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Eurobasket.com: შერმადინი პირველია, შენგელია – მეშვიდე

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა მალაგის “უნიკახას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე “უნიკახა” ჩვენებურის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” ესტუმრა და 95:84 იმარჯვა, გიომ კი ორმაგი დუბლი შეასრულა და ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“შერმადინი მალაგურ კლუბში მხოლოდ მე-2 სეზონს ატარებს, თუმცა, მის გარეშე “უნიკახას” წარმოდგენა უკვე შეუძლებელია. მიმდინარე სეზონში მისი საშუალო მონაგარი 10.8 ქულაა”, - ვკითხულობთ Eurobasket.com-ზე.
ამავე ვებგვერდის რეიტინგში მე-7 ადგილზე გავიდა თორნიკე შენგელია, რომლის “ბასკონიამაც” “გრან კანარია” 91:79 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:14 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

0.106625