ფეხბურთი

23:45 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ჩაკვეტაძე მსოფლიო დონის ტალანტია, მაგრამ არ მინდა მასზე ცუდი გავლენა მოვახდინოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან (2:1) გამარჯვებისა და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სლოვაკმა სპეციალსიტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, როგორც უშუალოდ დღევანდელ მატჩზე, ისე მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე.

ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძეზე ცალკე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ მის გარშემო დიდი აჟიოტაჟი არ იქნება:

„მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რომ ნდობა გამოგვიცხადეს და სასიხარულოა, რომ შევძელით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ასეთ ქვეყანაში ხალხს მიანიჭო სიხარული, ძალიან ბევრს ნიშნავს. ცხადია, შემდეგი წელი უფრო რთული იქნება, რადგან უკეთეს გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი შორსაა, გულშემატკივარი საქართველოს ნახევარფინალში იხილავს.

მხოლოდ და მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებს საქართველოს ოცნებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მისი დიდი დამსახურებაა ეს წარმატება და მთელმა შესარჩევმა ციკლმა მის მხრებზე გადაიტანა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასის გაზრდას, ახალგაზრდა ბიჭია და მოდით, ნუ შევეხებით ფინანსურ მხარეს. მან ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა „გენტში“ გადასვლით და მისი კარიერა ძალიან კარგი მიმართულებით ვითარდება. ცხადია, თუ პროგრესი გააგრძელა და თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, „გენტი“ ვერ შეინარჩუნებს და ეს იქნება მისი კარიერული წინსვლის საწინდარი. უხეშად ნუ ჩავერევით ჩაკვეტაძის ტრანსფერში. 19 წლის ტალანტია და დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ ისიც გავითვალისწონოთ, რომ ეს მოხდა D დივიზიონში და მაღალ დონეზე ვნახოთ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ფაქტია, მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა და არ მინდა, ამდენი საუბრით მასზე ცუდი გავლენა ვიქონიოთ. მინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მშვიდად გააგრძელოს პროგრესი.

კანკავას გარეშე ნაკრები წარმოუდგენელია, რადგან ფაქტობრივად მასზე დგას გუნდი. მან ვერ ითამაშა ანდორაში სამწუხაროდ და არ იყო ის სულისკვეთება, რომელიც შემოაქვს გუნდში.

რა თქმა უნდა, ავთო ებრალიძეს თვალს ვადევნებთ, რომელიც ძლიერ ლიგაში თამაშობს. დაახლოებით 40 ფეხბურთელი გვყავს მხედველობის არეალში და მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ. ამ სიაში შედის, არაბიძეც, ზარანდიაც... ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, ანანიძე, მჭედლიძე, ქვილითაია, ოქრიაშვილი, კიტეიშვილიც დაშავდა და ყოველთვის ვცდილობ შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა გამოვიძახო. კონკურენცია მაღალია და ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.

რაც შეეხება მთლიანად ჯგუფურ ეტაპს, ანდორაში ყველაზე ცუდი მატჩი გვქონდა, რაღაც ვერ გავითვალისწინეთ. დღეს შესვენებაზე ფეხბურთელებს სხვაგვარად დაველაპარაკე, ცოტა ხმასაც ავუწიე და ნახეთ, რომ ამან შედეგი გამოიღო, ვნახეთ, რომ ორი გოლი გავიტანეთ. განვლილი 6 მატჩიდან კი უკმაყოფილო მხოლოდ ანდორასთან სტუმრად ჩატარებული მატჩით ვარ.

ჩემს კონტრაქტს რაც შეეხება, პლეი-ოფამდე ისევ მე ვიქნები საქართველოს ნაკრებში, ვიცით ის ამოცანა, რომელიც უნდა შევასრულოთ. იმ დონეზე სხვა ფეხბურთი იქნება, ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ტრავმები? - ყველაფერი ხდება, ეს ფეხბურთია და მთავარი ისაა, რომ ასეთი სიტუაციიდან თავს ვერ დავიცავთ. ქვილითაიამ, კიტეიშვილმა ტრავმები უწყინარ სიტუაციაში მიიღეს, მაგრამ სამწუხაროდ ამისგან დაზღვეულები არ ვართ. ამხანაგური თამაშები აღარ გვექნება, რადგან მარტში ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი იწყება და ის ნოემბრამდე გასტანს, ხოლო შემდეგ ერთა ლიგის პლეი-ოფიც დაიწყება. ამიტომ, სპარინგებისთვის თავისუფალი დღეები არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ნაკრებსაც ვადევნებთ თვალს. ნავალოვსკიმ წინა მატჩში ტვინის შერყევა მიიღო, ხარაბაძე ავსტრიის შეკრების დროს მყავდა გამოძახებული და ჰქონდა შესაძლებლობა ეროვნულ ნაკრებთან ადაპტაციის“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.

0.167439