ავტოსპორტი

2:27 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო და „მაკლარენი“ ინდი 500-ზე ისევ გამოვლენ

ბრაზილიის დიდი პრიზის დღეებში, „მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, ფერნანდო ალონსოსთან ერთად, კვლავ იასპარეზებს ინდიანაპოლისის 500-მილიან რბოლაში. ეს ამ დუეტის მეორე გამოსვლა იქნება ლეგენდარულ რბოლაში. 2017 წელს ალონსომ იქ პირველად იასპარეზა და „ჰონდას“ ძრავის დაზიანების გამო, ფინიშს ვერ მიაღწია.

37 წლის ალონსო ამ სეზონის ბოლოს, ფორმულა 1-ის კარიერას დაასრულებს. მაგრამ გააგრძელებს გამოსვლას გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც „ტოიოტას“ LMP1 პროტოტიპით ასპარეზობს.

ალონსო ფ1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და დიდი შანსი აქვს იმისა, რომ გამძლეობაზე რბოლებშიც მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. მან ორჯერ მოიგო მონაკოს დიდი პრიზი და ერთხელ - ლე მანის 24-საათიანი რბოლა. მოტორსპორტის სამმაგ გვირგვინამდე მხოლოდ ერთი - ინდიანაპოლისის 500 მილიღა აკლია. თუ მისი მოგებაც შეძლო, გახდება მხოლოდ მეორე მრბოლი, ვინც სამმაგ გვირგვინს დაეუფლება. ის ერთადერთი, ვინც ეს შეძლო, ფ1-ის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი გრემ ჰილია.

„ადრე ნათქვამი მაქვს, რომ ჩემი მიზანი, სამმაგი გვირგვინის დაუფლებაა. ინდიანაპოლისში 2017 წელს გამოსვლით, დიდი გამოცდილება მივიღე. მაშინვე ვიცოდი, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა, იქ კვლავ ვიასპარეზებდი. ორმაგად მიხარია, რომ იქ „მაკლარენთან“ ერთად დავბრუნდები. ეს გუნდი ჩემი პირველი არჩევანი იქნებოდა, თუ ის ინდიანაპოლისში დაბრუნებას გადაწყვეტდა. ჰოდა მიხარია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს რთული რბოლაა და მასში საუკეთესოების წინააღმდეგ მომიწევს გამოსვლა. ეს უზარმაზარი გამოწვევა იქნება. მაგრამ ჩვენ მრბოლები ვართ და ეს სწორედ ისაა, რისთვისაც რბოლებში ვმონაწილეობთ“, - ამბობს ალონსო.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში, ინდიანაპოლისის რბოლაში მონაწილეობის მისაღებად, ალონსომ ფ1-ის მონაკოს რბოლა გამოტოვა. თუმცა ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ იყო, რადგან „მაკლარენის“ და „ჰონდას“ კომბინაცია, კონკურენტუნარიანობისგან ძალიან შორს იყო.

ცნობისათვის, „მაკლარენს“ ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლა სამჯერ აქვს მოგებული. 1972 წელს ეს მარკ დონოჰიუმ, კერძო გუნდთან ერთად, „მაკლარენის“ მანქანით შეძლო, 1974 და 1976 წლებში კი ჯონი რატერფორდმა, კომპანიის გუნდთან ერთად გაიმარჯვა.

0.111007