კალათბურთი

1:03 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ორმაგი დუბლი და MVP-ს ტიტული (+VIDEO)

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ხორვატიაში “ზადართან” საოცარი მატჩი შემოატრიალა და ადრიატიკის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა, ქართველი ცენტრი კი ამჯერადაც უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

სერბული გუნდი ზადარელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩამორჩებოდა, თუმცა, დასკვნითი ორწუთნახევარი 12:0 (!) მოიგო, საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე, მატჩში პირველად დაწინაურდა და 84:80 მოიგო.
ქართველმა ლეგიონერმა მე-2 ტაიმის სტარტზე მე-4 პერსონალური ფოლი მიიღო, თუმცა, დარჩენილ დროში მაქსიმალურად აკურატულად გაისარჯა და შეხვედრის ბოლომდე საქმეში იყო.
საბოლოოდ, გოგამ მოედანზე 26:01 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 13 ქულას 11 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება წაამატა.
აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“მეგა ბემაქსმა” ადრიატიკის ლიგის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს, სლოვენიაში, კრკა-სთან ჩაატარებს.

0.103889