კალათბურთი

15:16 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “მეტოქის გატეხვა მე-2 ტაიმში მოვახერხეთ”

ესპანური “უნიკახას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ევროთასის გასულ ტურში ლიტვურ “რიტასთან” მატჩს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მალაგელებმა კაუნასელები 95:76 დაამარაცხეს, ჩვენებური კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:03 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 9 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. მეტოქე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ამდენად, ვიცოდით, რომ გამარჯვება რთული იქნებოდა. ლიტველები სწრაფად თამაშობდნენ, თუმცა, მე-2 ტაიმში მათი გატეხვა მაინც მოვახერხეთ”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, “უნიკახამ” 5 მოგება და 1 მარცხი მოაგროვა და ევროთასის D ჯგუფს ყაზანის “უნიკსთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 14 ნოემბერს, სტუმრად, გერმანულ “ფრანკფურტთან” გამართავს. მანამდე, 11 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, მალაგელები “ბრეოგანს” უმასპინძლებენ.

Loading...
0.131314