ფეხბურთი

2:16 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ნავსი გატეხა

სანტიაგო სოლარიმ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, ერთი კვირის განმავლობაში მეორე მატჩი მოიგო. თუ პირველი, უცნობ „მელილიასთან“ იყო, თანაც სათასო, „ვალიადოლიდთან“ გამარჯვება მადრიდელებს აქტიში უნდა ჩაეწეროთ. სხვა დროს შესაძლოა, ასე არ ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი ვითარება სულ სხვაა. ეგეც არ იყოს, ამ ტურის წინ სტუმრები ცხრილში „რეალზე“ წინ იდგნენ. საერთოდ, სერხიო გონსალესის შეგირდები წლეულს ერთობ სოლიდური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

„რეალსაც“ გაუჭირდა. დაახლოებით 75-ე წუთამდე მასპინძლები ცოტა პრიმიტიულად თამაშობდნენ. მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს. თუმცა, თავადაც გადარჩნენ, ხარიხამ გადაარჩინათ. ბოლოსკენ კი „სამეფო კლუბი“ უფრო შემოქმედებითად ათამაშდა და ამას სოლარის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც შეუწყო ხელი.

83-ე წუთზე ვინისიუსმა, მოსალოდნელი ჩაწოდების ნაცვლად, სოლო რეიდი განახორციელა, რასაც ოლივასის ავტოგოლი მოჰყვა. ცოტა ხანში კი სტუმრებმა ბენზემა წააქციეს საკუთარ საჯარიმოში და რამოსმა უშეცდომოდ დაარტყა თერთმეტმეტრიანი. დამსახურებული 2:0.

მერე სოლარიმ თქვა: „ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. სამუშაო გამარჯვება იყო, ძლიერ მეტოქესთან. ასეა, არ შეიძლება კრიზისიდან იოლი მატჩებით გამოძვრე.“

წინა ტურში, „კლასიკოში,“ „რეალის“ განადგურების შემდეგ (5:1), „ბარსელონამ“ ამჯერად იოლი განავარდება გადაწყვიტა და ამისათვის კინაღამ დაისაჯა.

არადა, თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, მე-11 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა კიდეც ანგარიში. მერე ინერციით ცოტა ხანს კიდევ აკონტროლებდენ ბურთს, მაგრამ ნელ-ნელა ვერც კი მიხვდნენ, როგორ გადაულოცეს უპირატესობა მასპინძელ „რაიო ვალეკანოს.“ მადრიდელებმა ნახევარი საათის თავზე გაათანაბრეს. 57-ე წუთზე კი სულაც დაწინაურდნენ ანგარიშში.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. კატალონიელებმა ჩვეული სტილით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ რაღაც ვერ აეწყოთ, უჭირდათ შეტევების ორგანიზება. თუმცა, კლასმა მაინც თავისი გაიტანა და ბოლო სამ წუთში კიდევ ორჯერ დააწყებინეს მასპინძლებს თამაში ცენტრიდან.

ლუის სუარესმა დუბლი მიითვალა, მეორე წლევანდელ სეზონში. ბოლო ორ შეხვედრაში კი 5 გოლი მოუგროვდა, ჯამში 9 გაუხდა და ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.

ლიდერია მისი „ბარსელონაც.“ „რეალმა“ კი სამი საფეხურით აინაცვლა და მეექვსე ადგილზე დადგა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-11 ტური. 3 ნოემბერი

რეალი - ვალიადოლიდი 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 68 050

1:0 ოლივასი (83, ს.კ.), 2:0 რამოსი (88, პენ)

რეალი: კურტუა, რამოსი, ნაჩო, ოდრიოსოლა, რეგილონი, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო (ისკო 56), ასენსიო (ვინისიუსი 73), ბენზემა, ბეილი (ვასკესი 71)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

ვალიადოლიდი: მასიპი, მოიანო (ჩოპი 85), ოლივასი, ანტონიტო, მარტინესი, კალერო, მიჩელი, ალკარასი, ლეონარდო სუარესი (პლანო 76), ტონი სუარესი (ვერდე 69), უნალი

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მსაჯი: ხესუს ხილი

გაფრთხილება: ასენსიო (45)

რაიო ვალეკანო - ბარსელონა 2:3

მადრიდი. „რაიო ვალეკანო.“

0:1 სუარესი (11), 1:1 პოსო (35), 2:1 ალვარო გარსია (57), 2:2 დემბელე (87), 2:3 სუარესი (90)

რაიო ვალეკანო: ალბერტო გარსია, ადვინკულა, ამატი, გალვესი (ველასკესი 71), იმბულა, მორენო, პოსო, კომესანია, ტრეხო (ალვარო გარსია 65), დე ტომასი (ალეგრია 65), ემბარბა

მწვრთნელი: მიჩელი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (ელ ჰადადი 68), რაფინია (დემბელე 52), არტური (ვიდალი 67), სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ამატი (6), დე ტომასი (49), ალვარო გარსია (89), ველასკესი (90+2); ლანგლე (17), ალბა (70)

ლეგანესი ატლეტიკო 1:1

0:1 გრიზმანი (69), 1:1 კარილო (82)

ვალენსია - ჟირონა 0:1

0:1 პონსი (48)

0.143297