სხვა

19:10 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიშველიძის მე-7 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ძალები 24 წლის ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (61 კგ.) სცადა.

მან ატაცში 130 და 135-კილოგრამიანი შტანგა დასძლია, 139 კგ-ს კი ვერ გაუკლავდა და მე-7 შედეგი აჩვენა. შოთას უფრო გაუჭირდა აკვრაში, სადაც 155-კილოგრამიანი შტანგა 2-ჯერ დაუვარდა, სამაგიეროდ, 158 კგ. დაიმორჩილა და ამ მოძრაობაში მე-8 იყო.
საბოლოო ჯამში, მიშველიძემ 293 კგ. მოაგროვა და მსოფლიო პირველობა მე-7 პოზიციაზე დაასრულა. ცნობისთვის, შარშანდელ ჩემპიონატზე შოთამ ძალები 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში სცადა და 298 კგ-ით (135+163) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
მიშველიძის ახალ წონაში ჩემპიონის ტიტული ინდონეზიელმა ეკო იული ირავანმა (317 კგ.) მოიპოვა, რომელიც მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, ვერცხლი და ბრინჯაო კი ჩინელებს – ფაბინ ლისა (310 კგ.) და ფულინ ქინს (308 კგ.) ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ აშხაბადურ ტურნირზე კიდევ ხუთ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ, რომელთა განრიგიც ასე გამოიყურება:
6 ნოემბერი, 18:55 საათი – რეზი დავითაძე 89 კგ.
7 ნოემბერი, 16:25 საათი – ანტონ პლესნოი 96 კგ.
8 ნოემბერი, 18:55 საათი – ირაკლი ჩხეიძე 102 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ირაკლი თურმანიძე + 109 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ლაშა ტალახაძე +109 კგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134043