ჭიდაობა

21:15 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაკობიშვილმა და ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე ოქრო და ვერცხლი, შესაბამისად, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მიითვალეს, დღეს კი, კვარცხლბეკზე ასვლა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ იაკობიშვილმა მსოფლიო პირველობის მერვედფინალში სლოვაკი ტაიმურაზ სალკაზანოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5:1 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინა და 1:3 დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზურაბის პირისპირ მონღოლი ბიამბადორჯ ბატ ერდენე დადგა, რომელმაც ჩვენებურს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველმა ფალავანმა მეტოქე 10:0 გაანადგურა.
ნახევარფინალამდე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა ოდიკაძემ. მან მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს დრამატულ შერკინებაში აჯობა – 4:3. ნახევარფინალში ოდიკაძემ უძლიერეს რუს ფალავან, მომავალ ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო.
ელიზბარი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი 5:2 დაამარცხა.

0.151943