ავტოსპორტი

3:11 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენმა გამარჯვება ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა

ლუის ჰამილტონის მეხუთე ჩემპიონობა, რომლის აღნიშვნასაც „მერსედესი“ ოსტინში (აშშ, ტექსასი) აპირებდა, მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო - აშშ-ის დიდი პრიზის რბოლა „ფერარის“ კიმი რაიკონენმა მოიგო, ჰამილტონი მესამე ადგილს დასჯერდა. მისმა მთავარმა კონკურენტმა სებასტიან ფეტელმა კი მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო.

39 წლის ფინელი მრბოლისთვის ეს ავსტრალიის 2013 წლის დიდი პრიზის შემდეგ (მაშინ ლოტუსის მანქანით ასპარეზობდა) მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. მელბურნსა და ოსტინს შორის, მან მოგების გარეშე 113 რბოლაში მიიღო მონაწილეობა. რაიკონენისთვის ეს კარიერაში მოგებული 21-ე რბოლაა.

შესანიშნავად იასპარეზა „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა, რომელმაც სტარტი მე-18 ადგილიდან აიღო (რბოლის წინ გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს, რის გამოც, 5 პოზიცია დაკარგა) და ბოლოსწინა წრეზე, ჰამილტონის მძაფრი შეტევის მოგერიებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილზე გასული პილოტები მხოლოდ 2.1 წამმა დააშორა.

ფეტელმა ამჯერადაც საკუთარი შეცდომის გამო იზარალა. პირველ წრეზე მან დანიელ რიკარდოს გაასწრო, მაგრამ ამან მაშინვე შეუტია და როცა მოსახვევში გარე ტრაექტორიით ასწრებდა, ფეტელმა შეცდომა დაუშვა და დატრიალდა. შედეგად, წამებში მეხუთედან მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა.

რიკარდომ გზა კი გააგრძელა, მაგრამ მალე მანქანამ უმტყუნა და გზის პირას გაჩერდა. მისი „რედ ბულის“ საევაკუაციოდ, მსაჯებმა უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ჩართეს. სწორედ ამ დროს (მე-12 წრეზე), „მერსედესმა“ ჰამილტონი პირველ პიტ სტოპზე გამოიძახა. ბოსებიდან დაბრუნებული ბრიტანელი მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა. და იმის წყალობით, რომ მისი სტოპის დროს, პელოტონი შემცირებული სიჩქარიტ მოძრაობდა, ბრიტანელი რაიკონენს მხოლოდ 8 წამით ჩამორჩა. თანაც, ყოველ მომდევნო წრეზე ლიდერს თითქმის წამს უგებდა. მათ შორის კი მხოლოდ ვალტერი ბოტასი იყო, რომელმაც სამი წრის შემდეგ, უპრობლემოდ გაატარა თანაგუნდელი.

21-ე წრეზე ჰამილტონმა რაიკონენს შეუტია, მაგრამ „ფერარის“ პილოტმა პოზიცია დაიცვა და მაშინვე ბოქსებისკენ შეუხვია. ტრასაზე დაბრუნებული, ფეტელის უკან, მე-5 პოზიციაზე აღმოჩნდა. 25-ე წრეზე ფეტელმა, ვისაც პიტ სტოპი ჯერ შესრულებული არ ჰქონდა, რაიკონენს გზა დაუთმო. მალე ფეტელს ფერსტაპენმაც გაასწრო და გერმანელიც მალე ბოქსში შევიდა.

ამ დროს, რაიკონენი ჰამილტონს 17 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ „მერსედესის“ პილოტს კიდევ ერთხელ უწევდა ბოქსში შესვლა. 35-ე წრეზე ჰამილტონს უკანა საბურავები იმდენად ჰქონდა დაზიანებული, რომ გუნდმა მეორე პიტ სტოპზე გამოიძახა. იქიდან მეოთხე პოზიციაზე, ისევ ბოტასის უკან დაბრუნდა, რომელმაც ისევ უბრძოლველად დაუთმო გზა. ჰამილტონი ფერსტაპენს რბოლის მიწურულს დაეწია და ბოლოსწინა წრეზე შეუტია. მათ რამდენიმე მოსახვევი უშეღავათო ბრძოლით გაიარეს და საბოლოოდ, 21 წლის ჰოლანდიელმა შეძლო პოზიციის დაცვა.

ოსტინში მოპოვებული მესამე ადგილით, ჰამილტონმა ფეტელთან უპირატესობა 70 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ სამ რბოლაში (მექსიკა, ბრაზილია და აბუ დაბი) კი მხოლოდ 75 ქულის მოპოვებაღაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ჰამილტონს მეხუთე ტიტულის მოსაპოვებლად, ხუთი ქულის აღებაც ჰყოფნის.

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი, დისტანცია 308.896 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:34:18.643
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.281
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.342
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 18.222
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 24.744
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:27.210
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:34.994
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:39.288
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:40.657
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:41.080
  11. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  13. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  17. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 25 წრე
  18. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 48 წრე
  19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 54 წრე
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 55 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:37.392, მე-40 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 346 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 276; 3. კიმი რაიკონენი - 221; 4. ვალტერი ბოტასი - 217; 5. მაქს ფერსტაპენი - 191; 6. დანიელ რიკარდო - 146; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 61; 8. კევინ მაგნუსენი - 55; 9. სერხიო პერესი - 54; 10. ესტებან ოკონი - 53; 11. ფერნანდო ალონსო - 50; 12. კარლოს საინსი - 45; 13. რომენ გროჟანი - 31; 14. პიერ გასლი - 28; 15. შარლ ლეკლერი - 21; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17-18. ლანს სტროლი და მარკუს ერიკსონი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 1

გუნდების ჩემპიონატი

1. მერსედესი - 563 ქულა; 2. ფერარი - 497; 3. რედ ბული - 337; 4. რენო - 106; 5. ჰაასი - 86; 6. მაკლარენი - 58; 7. ფორს ინდია - 48; 8. ტორო როსო - 30; 9. ზაუბერი - 27; 10. უილიამსი - 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174808