ფეხბურთი

1:09 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსამ“ „სევილია“ დაამხო, მესი დაშავდა
„რეალმა“ ანტირეკორდი დაამყარა

არ შეიძლება ხულენ ლოპეტეგი არ შეგცოდებოდა. „ლევანტესთან“ მატჩის შემდეგ „რეალის“ მწვრთნელი სასოწარკვეთილი იდგა მინდორზე და ტუჩებს იკვნეტდა. მერე კი თქვა: ახლა გადადგომაზე ნაკლებად ვფიქრობ. ყველაფერი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოვებლად, მაგრამ ფეხბურთში ისეც ხდება, რაც დღეს მოხდა. კარგად ვირჯებოდით, მაგრამ წავაგეთ. თამაშის დინამიკა გვაქვს შესაცვლელი. ახლა უნდა დავისვენოთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადოთო - უთხრა ლოპეტეგიმ პოპულარული AS-ს ჟურნალისტებს.

შემდეგი მატჩი კი „კლასიკოა.“ 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე,“ „ბარსასთან.“ ესპანური მედია ვარაუდობს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ეს თამაში გამოდგეს საბედისწერო ლოპეტეგისთვის. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მოთმინება თითქმის დაილიაო და, მწვრთნელების გაშვება-დაფრენა კი პერესს არ ესწავლება.

წარმოუდგენელი რამ ხდება; „რეალმა“ ბოლო ხუთი მატჩიდან (აქედან ერთი ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან) ოთხი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. ამჯერად კი თავის 116 წლიან ისტორიაში კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა - სანამ მარსელო გაიტანდა, „გვალვა“ 481 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მანამდე, „რეკორდი“ სანტილიანას, ვალდანოსა და ბუტრაგენიოს „რეალს“ ეკუთვნოდა - 464 უგოლო წუთი, 1984-85 წლების სეზონში.

„ლევანტე“ „რეალს“ მე-13 წუთისთვის უკვე 2:0 უგებდა... ჯერ პოსტიგოს ჩაკიდებულს ვერ გაუმკლავდა ვარანი, დააგვიანა მსოფლიო ჩემპიონმა, უკნიდან კი უცებ მორალესი გამოხტა, ბურთს დაეუფლა, კურტუაც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა.

ვარანი ცოტა ხანში ისევ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. ხელით ითამაშა და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, თუმცა ვიდეოარბიტრმა მიუთითა: მცველს ბურთი ხელზე საჯარიმოში მოხვდაო. როხერმა ზუსდად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

„რეალი“ მართლაც ბევრს უტევდა. ორჯერ (კაზემირომ და დიასმა) ხარიხასაც გაარტყეს ბურთი. მაგრამ, ვალენსიელებს კარში ედგათ ბასკი ოიერ ოლასაბალი. კაცი, რომელიც შვიდ წელიწადს იყო „ბარსელონაში“ ვიკტორ ვალდესის დუბლიორი. ამჯერად კი სასწაულები აკეთა. 65-ე წუთისთვის ოიერს ერთმანეთზე უკეთესი 9 სეივი მოუგროვდა. განსაკუთრებით ლამაზი იყო, როცა გარეთ ბეილის ჯარიმა მოიგერია.

მასპინძელთაგან ერთი ბრაზილიელმა მარსელომ გაიტანა. ისეთი ბრაზით დაარტყა, თითქოს მთელი 481 წუთის ბოღმა ჩააქსოვაო.

„რეალს“ კიდევ დარჩენოდა ოციოდ წუთი. ისევ უტევდნენ, ძელსაც მოარტყეს ბურთი და გოლიც გაიტანეს, მაგრამ თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს.

მოკლედ, „რეალმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

“ბარსა“ ლიდერ „სევილიას“ მასპინძლობდა და წესით, მოედანზე ცეცხლი უნდა დანთებულიყო. მით უმეტეს, რომ მათი შეხვედრები მწირგოლიანობას არასოდეს უჩიოდა. მაგრამ, ეს ცეცხლი მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში დაინთო, მატჩის ბოლოსკენ, როცა მასპინძლები 3:1 იგებდნენ. ანდალუზიელებმა მედგრად შეუტიეს, მაგრამ კატალონიელთა გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ურთულესი ბურთები მოიგერია.

მალევე ივან რაკიტიჩმა მეოთხე გაიტანა და ცეცხლიც ჩაქრა. ერთი შეხედვით, „ბარსამ“ სევილიას იოლად მოუგო. თუმცა, ამას ფილიპე კოუტინიოს ადრეულმა გოლმაც შეუწყო ხელი. ბრაზილიელმა მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში.

მატჩის ყველაზე ცხელი და „ბარსას“ გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ამბავი კი ის არის, რომ ლიონელ მესიმ ხელის ტრავმა მიიღო, მეტოქე ფრანკო ვასკესს შეეჯახა და 26-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგიერ თამაშში უსმან დემბელე ჩაერთო.

რამდენად სერიოზულია არგენტინელი გენიოსის ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია. ამ 26 წუთში ლეომ გოლის გატანაც მოასწრო და კოუტინიოსაც უპასა საგოლედ.

„ბარსელონამ“ ცხრილის თავში „სევილიის“ ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე კი „სელტას“ მომგები „ალავესია.“ კარგა ხანია ესპანურ პრიმერაში ასეთი განლაგება აღარ ყოფილა.

ესპანეთი

20 ოქტომბერი. მე-9 ტური

რეალი - ლევანტე 1:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 63 423

0:1 მორალესი (6), 0:2 მარტი (13, პენ), 1:2 მარსელო (72)

რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, ვარანი, ოდრიოსოლა (ბეილი 46), მოდრიჩი, კაზემირო, ისკო (ბენზემა 60), ლუკას ვასკესი, მარკო ასენსიო (საბალიოსი 60), დიასი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ლევანტე: ოიერი, პოსტიგო (ჩემა 75), ტონიო, კაბაკო, როხერი (ემანუელ ბოატენგი 79), როჩინა (დუკურე 67), კამპანია, მორალესი, ბარდჰი, მარტი, ხასონი

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: გილერმო კუადრა

გაფრთხილება: მარსელო (90+4); კაბაკო (53), ხასონი (89)

ბარსელონა - სევილია 4:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 88 712

1:0 კოუტინიო (2), 2:0 მესი (12), 3:0 სუარესი (63, პენ), 3:1 სარაბია (79), 4:1 რაკიტიჩი (88), 4:2 მურიელი (90+1)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ლანგლე, ნელსონ სემედუ, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო, არტური (სერხი რობერტო 67), მესი (დემბელე 26), სუარესი (მუნირი 81)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სევილია: ვაცლიკი, კიაერი (მერკადო 54), კარისუ, სერხი გომესი, არანა, ნავასი, ბანეგა, ვასკესი (მესა 69), სარაბია, იედერი, ანდრე სილვა (მურიელი 78)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: ხუან მარტინესი

გაფრთხილება: ვაცლიკი (62)

ვალენსია - ლეგანესი 1:1

0:1 გუმბაუ (63, პენ), 1:1 გაია (85)

ვილიარეალი - ატლეტიკო 1:1

0:1 ფილიპე ლუისი (51), 1:1 მარიო გასპარი (65)

19 ოქტომბერი

სელტა - ალავესი 0:1

0:1 პინა (58)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136478