ჭიდაობა

20:23 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კენჭაძე და პეტრიაშვილი ფინალში იჭიდავებენ, ლომთაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს!

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში ქართული დელეგაციისთვის დიდებულად დაიწყო. პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოთხ წონით კატეგორიაში (61, 74, 86 და 125 კგ.) გავიდნენ და ასეთი შედეგი მივიღეთ: ავთანდილ კენჭაძე (74) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

კენჭაძემ ფინალის საგზური ევროპის მოქმედ ჩემპიონ სონერ დემირტაშთან ჭიდილში მოიპოვა. მართალია, ამ შერკინებაში პირველი ქულა თურქმა ფალავანმა მოიპოვა, თუმცა, შემდეგ ავთო ჩინებულად გაისარჯა, 8 უპასუხო ქულა მიითვალა და ამასთან, მეტოქე ბეჭებზე გააკრა და სუფთად იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კენჭაძემ გზიდან აზიის მოქმედი ჩემპიონი – უზბეკი ბეკზოდ აბდურახმონოვი (12:12-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა), პოლონელი ანჯეი პიოტრ სოკალსკი (12:2) და აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი (5:2) ჩამოიცილა, ფინალში კი რუს ზაურბეკ სიდაკოვს შეერკინება, რომელმაც ბულგარელ მიროსლავ კიროვს (10:0), პუერტო რიკოელ ფრანკლინ გომეს მატოსს (6:0), ამერიკელ ჯორდან ერნესტ ბაროუზსა (6:5) და იტალიელ ფრანკ ჩამიზო მარკესს (3:2) სძლია.

პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის იოლად – 11:1 აჯობა, მეოთხედფინალში კი ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქე – რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 სძლია. ნახევარფინალში გენო ირანელ პარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანჯს დაუპირისპირდა, რომელმაც მეოთხედფინალში წონის ერთ-ერთ ლიდერ თურქ ტაჯა აკგულს 3:2 მოუგო.

ქართველი ფალავანი ამჯერადაც შეუდარებელი იყო და მეტოქე 13:6 დაამარცხა, ოქროს მედლისთვის შერკინებაში კი, ერთი შეხედვით გაცილებით სუსტი ჩინელი ჟივეი დენგი ელის. ამ უკანასკნელმა დღეს კანადელი ამარვეერ დჰესი (4:1), ამერიკელი ნიკოლას გვიაზდოვსკი (5:4) და ინდოელი სუმიტ სუმიტი (5:0) დაჩაგრა.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლომთაძე, რომელიც ნახევარფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონ – რუს გაჯიმურად რაშიდოვთან 0:10 დამარცხდა. ცნობილია, რომ მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში, ჩვენებურის მოწინააღმდეგე მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბილეგსა და ინდოელ სონბა ტანაჯი გონგანეს შორის უმჯობესი იქნება.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ლომთაძე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც სენეგალელ ადამა დიატას 6:0 სძლია, მეოთხედფინალში იაპონელი კაზუია კოიანაგი 11:1 დაამარცხა, რაშიდოვთან მარცხზე კი ზემოთაც ვთქვით.
დღესვე ხალიჩაზე სანდრო ამინაშვილიც (86 კგ.) გავიდა და კვალიფიკაციაში კოლუმბიელი კარლოს არტურო იზკიერდო მენდეზს 6:2 მოუგო, თუმცა, მერვედფინალში პოლონელ ზბიგნიევ ბარანოვსკისთან 0:9 წააგო და მსოფლიო პირველობას ნაადრევად გამოეთიშა.

აღნიშნულ წონებში გადამწყვეტი ორთაბრძოლები ხვალ თბილისის დროით 21:00 საათიდან გახლავთ დაგეგმილი. 21 ოქტომბერსვე ხალიჩაზე თავისუფალ ჭიდაობაში კიდევ 4 წონითი კატეგორიის (57, 65, 79, 92 კგ.) წარმომადგენლები გავლენ. შესაბამისად, საქმეში ოთარ გოგავას (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ.), დავით ხუციშვილსა (79 კგ.) და დავით მარსაგიშვილს (92 კგ.) ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113421