კალათბურთი

16:07 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ევროთასის ტურის MVP-ს ტიტულის მფლობელია! (+VIDEO)

ესპანური “უნიკახას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ევროთასის მე-2 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, თუმცა, ეს ტიტული ყაზანის “უნიკსის” ამერიკელ ფორვარდ რეიმარ მორგანთან გაიყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში მალაგელებმა მონტენეგროში “მორნარ ბარს” 96:85 სძლიეს, შერმადინი კი შეხვედრის გმირი გახდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:20 წუთში 26 ქულა (მისი საევროთასო და ტურის რეკორდი), 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.
შერმადინმა 14-დან 11 ორქულიანი (პირადი რეკორდის გამეორება), 3-დან 1 საჯარიმო და რაც ძალიან იშვიათია, სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგის შორეული ტყორცნა შემთხვევით არ გამოგვირჩევია: მონტენეგროში სტუმრობამდე, ქართველ ლეგიონერს ევროლიგასა და ევროთასზე 135 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, თუმცა, მან სამქულიანის ჩაგდება პირველად (!) მოახერხა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლა (ესეც, ჩვენებურის პერსონალური რეკორდია), რაც ხსენებულ მორგანთან ერთად, ტურის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ამ უკანასკნელის გუნდმა იტალიურ “ტურინს” 92:78 სძლია, მორგანმა კი 21:20 წუთში 25 ქულა (12-დან 9 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

საინტერესოა, რომ ევროთასის მე-3 ტურში “უნიკახა” და “უნიკსი”, შესაბამისად კი, შერმადინი და მორგანი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. მატჩი მალაგაში 23 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.112508