ფეხბურთი

20:00 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების რეკორდი და ოპტიმისტური ციფრები

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება რიხით რომ დაიწყო, მთელმა ქვეყანამ იცის. ეს რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია და საინტერესოა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ისტორიაში არნახული მოვლენაც დაფიქსირდა.

საქმე ისაა, რომ საქართველომ პირველად მოიგო ზედიზედ სამი ოფიციალური შეხვედრა (ყაზახეთთი 2:0, ლატვია 1:0, ანდორა 3:0). თანაც, ისიც საგულისხმოა, რომ სამივე თამაშში კარი მშრალად შეინახა...

აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი მიჯრით ორი ოფიციალური თამაშის მოგება ყოფილა: 2001 წლის 1 და 5 სექტემბერს, ალექსანდრე ჩივაძის ფორმაციის ნაკრებმა ჯერ უნგრეთს (3:1), მერე ლიეტუვას მოუგო (2:0). სხვათა შორის, მაშინაც ახლოს ვიყავით მიყოლებით სამი თამაშის მოგებასთან, რადგან ხსენებული ორი მოგების შემდეგ ჩივაძის გუნდი ბუქარესტში, რუმინეთს ალექსანდრე იაშვილის გოლით 88-ე წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ გეორგე პოპესკუმ მაინც გაათანაბრა და მატჩიც ასე დასრულდა - 1:1.

აი, რაც შეეხება ზედიზედ სამ გამარჯვებას და თან მშრალი ანგარიშით - ვაისის ფორმაციის ნაკრებმა მიმდინარე წელს უკვე მეორედ მოახერხა ამის გაკეთება. ჯერ იყო და ლიეტუვა (4:0), ესტონეთი (2:0) და მალტა (1:0) დაამარცხა, ხოლო ერთა ლიგის შედეგებზე უკვე მოგახსენეთ. უბრალოდ, ბოლო მიღწევა უფრო ფასეულია, რადგან საქმე ოფიციალურ მატჩებს ეხება, ხოლო ბალტიისპირელთა და მალტელთა ძლევა სპარინგებში მოხერხდა.

კიდევ ერთიც: 2017 წლის 24 მარტს, შინ სერბეთთან მარცხის მერე (1:3), საქართველოს ნაკრებმა 16 თამაში ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა და სამჯერვე 0:1 (უელსთან, სერბეთთან, და ლუქსემბურგთან). 4 მატჩი ფრედ დასრულდა (მოლდოვასთან 2:2, ირლანდიასთან 1:1, ავსტრიასთან 1:1 და ბელარუსთან 2:2), ხოლო დანარჩენი 9 შეხვედრა ქართველებმა მოიგეს (ლატვიასთან 5:0, სენტ კიტსი და ნევისთან 3:0, კვიპროსთან 1:0, ლიეტუვასთან 4:0, ესტონეთთან 2:0, მალტასთან 1:0, ყაზახეთთან 2:0, ლატვიასთან 1:0, ანდორასთან 3:0).

შესაძლოა, ზემოხსნებულ ცხრა მატჩში გრანდი არ გვყოლია მეტოქედ, მაგრამ D დივიზიონის საპირწონედ ნამდვილად გამოდგებიან და კიდევ, როგორც ხედავთ, არცერთ მოგებულ თამაშში „ჯვაროსნების“ კარის ბადე არ შერხეულა!

არ გვინდა, რეალობას მოვწყდეთ, მაგრამ ციფრები მეტად ოპტიმისტურია. დანარჩენს კი მომავალი გვანახებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12129