ფეხბურთი

22:42 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ყველა თამაში მნიშვნელოვანია"

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ანდორასთან (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ვლადიმირ ვაისის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოდგა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ლატვიასთან დამდეგ შეხვედრაზეც ისაუბრა და შემადგენლობაში ცვლილებები დააანონსა:

„როგორც მოსალოდნელი იყო, რთული შეხვედრა გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ 3:0 გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და შეიძლება ითქვას, სწორედ ამ მომენტიდან ვიწყებთ მზადებას შემდეგი მატჩისთვის, რომელიც ლატვიაში გველოდება.

ოქრიაშვილმა ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ამჟამინდელი ინფორმაციით, ორი კვირა გაუცდება. მთავარია, რომ თორნიკეს უყვარს ნაკრები და სამწუხაროა, რომ ლატვიასთანაც ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება ანანიძეს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ორი კარგი პასი გააკეთა, რაც ასეთ სიტუაციაში ადვილი არაა. ჯანოს გვერდში ვუდგავართ და იმედი გვაქვს, რომ მალე სრული ძალებით შეძლებს ჩვენს დახმარებას.

ლატვიასთან მატჩამდე მხოლოდ ორი დღეა მოსამზადებლად. ცვლილებები იქნება, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი უბრალოდ გადაღლილია. თითოეულ თამაშსა და ქულას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური დევს.

ვაკო ყაზაიშვილს თამაშამდე ვუთხარი, რომ ორი გოლი უნდა გაეტანა და ასეც მოხდა. მისი გოლები სჭირდებოდა საქართველოს. ჯაბა კანკავა კი მთელი გულით თამაშობს ყოველთვის და მოხარულები ვართ, რომ გოლის გატანა შეძლო.

ნიკა კაჭარავას რაც შეეხება, დღევანდელ შეხვედრაში გაცილებით მეტსაც ველოდი. ის სცდილობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ლატვიასთან მატჩისთვის კი, ვგეგმავ, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელი გამოვიძახო.

პირველი ტაიმის შემდეგ ტაქტიკური გადაადგილება იყო. რაც შეეხება გოლების ავტორებს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, მთავარია გავიტანოთ. კმაყოფილი ვარ გიორგი ლორიას თამაშით, რომელმაც პირველ ტაიმში გადაგვარჩინა. მე მქონდა მასთან საუბარი სწორედ ეს ვუთხარი, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო მომენტი, როდესაც მას მოუწევდა ჩვენი გადარჩენა.

თავდასხმის ხაზს რაც შეეხება, კონკრეტულად გადაწყვეტილი არ მაქვს ვის დავამატებ შემადგენლობას. ეს შეიძლება იყოს ზივზივაძე, დვალიშვილი ან სხვა რომელიმე მოთამაშე. კაჭარავა კი გუნდთან ერთად წავა რიგაში და არაა გამორციხული, სწორედ მან თქვას გადამწყვეტი სიტყვა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სათამაშო პრაქტიკის კუთხით დღეს უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ადრე, თუ არ ჩავთვლით ლორიას, რომელიც უკლობოდაა", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და შემდეგ ტურში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს გაიფორმებს. „ჯვაროსნებს“ მომდევნო შეხვედრა 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიის ნაკრებთან ელოდებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115344