ფეხბურთი

23:19 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოტყუებული „ენფილდი“

„ლივერპული“ – „სიტის“ დაპირისპირებას ქომაგი განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. წლეულს იანვრიდან ჩატარებულ მათ სამ დაპირისპირებაში ხომ 13 გოლი გავიდა. მაგრამ ამჯერად მწვრთნელებმა პრაგმატული ფეხბურთი აირჩიეს და ქომაგებს გული დასწყვიტეს.

პრემიერლიგის ორმა ყველაზე სანახაობრივმა გუნდმა, ფეხბურთის ნაცვლად საათნახევრიანი ძილისპირული წარმოუდგინა მაყურებელს. შემტევებს ეძინათ, დაცვას საქმე არ ჰქონდა. „ენფილდის“ შავ-თეთრ სურათში ცოტაოდენი ფერები, ბოლოსკენ მასპინძელთა კარში დანიშნულ პენალტს შეეძლო შეეტანა, მაგრამ „ქალაქელმა“ რიად მაჰრეზმა ბურთი ლამის „გუდისონ პარკზე“ გააფრინა. მოგეხსენებათ, „ლივერპულის“ და „ევერტონის“ სტადიონები ერთი დიდი პარკის მოპირდაპირე მხარეებზე მდებარეობს.

ასეთი აცილების შემდეგ, ფეხბურთელებს თანაუგრძნობენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მსხვერპლი „ენფილდზე“ მისული ქომაგი აღმოჩნდა და მართალი იქნება ის 52 117 ადამიანი, თუკი ბილეთებში გადახდილი ფულის დაბრუნებას მოითხოვს. პლუს მილიონობით გაწბილებული ტელემაყურებელი.

მოტყუებული გულშემატკივარი კი ძალიან სახიფათოა. ისინი ბრძოლას, თავპირისმტვრევას ელოდნენ მინდორზე, სანაცვლოდ კი ზანტი, უგემოვნო ცეკვა მიიღეს „საჩუქრად“.

სამაგიეროდ, მანამდე „არსენალმა“ ვენგერის დრო გაიხსენა და „ფულემს“ „ქრეივენ კოტეჯზე“ ჯოჯოხეთი მოუწყო. თანაც ხუთი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაუტანა და ქომაგებიც რიხიანად ამღერა: ჩვენი „არსენალი“ დავიბრუნეთო.

აარონ რემზი მხოლოდ 39 წამის გასული იყო მინდორზე, როცა მაყურებელს საფეხბურთო შედევრი შესთავაზა. ობამეიანგის მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს ქუსლით მიუჩინა ადგილი მარკუს ბეტინელის კარის ბადეში. „ქალაქური“ გოლი გამოდგა. ასეთები თბილისურ ეზოებში გააქვთ ხოლმე პატარა ბიჭებს.

მანამდე ალეკსანდრ ლაკაზეტმა გახსნა ანგარიში ულამაზესი დარტყმით, როცა მეტოქის საჯარიმოში ოსტატური ბრუნი გააკეთა. ფრანგს და უელსელს არც გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩამორჩა და ორიდან ერთი გოლი მცველთან ზურგით მყოფმა, შემდეგ კი შემობრუნებით დარტყმით შეაგდო. ჯამში ლაკაზეტმა და ობამეიანგმა დუბლები მიითვალეს.

„არსენალი“ გაცოცხლდა. ჯერ კიდევ შვიდი კვირის წინათ, უნაი ემერის საშინელი დასაწყისი გამოუვიდა პრემიერლიგაში. ზედიზედ ორი სასტარტო მარცხის შემდეგ ის უცუდესი მწვრთნელი გახდა კლუბის ისტორიაში, ტომას მიტჩელის შემდეგ, რომელმაც ასეთი რამ 1897 წლის სეზონში „მოახერხა“. დააკვირდით, მე-19 საუკუნეში...

ეს „მეთოფეთა“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება გახლდათ ყველა ტურნირში. ემერი კი ამბობს: „არ მგონია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ქომაგებს ვპირდები, რომ კიდევ მოვუმატებთ. ყოველი მატჩი განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის.“

„ჩელსიმ“ საუთჰემპტონის „სენტ მერიზე“ მასპინძლებს პრაგმატული თამაში მოახვია თავს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. საუკეთესო ამჯერადაც „არისტოკრატების“ 10-იანი, ედენ აზარი გახლდათ, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. მან სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. 30-ე წუთზე თავად გახსნა ანგარიში, 56-ზე ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ბარკლიმ გოლად აქცია. ბოლოსკენ კი შეცვლაზე შესულ ალვარო მორატას მისცა მშვენიერი პასი და ესპანელმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მაურიციო სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ მე-11 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. აზარმა კი იტალიელი დამრიგებლის ხელში 10 შეხვედრაში მერვედ გამოიჩინა თავი. მატჩის შემდეგ სარიმ აზარი შეაქო: „ედენს კარგად ვიცნობ. მისი 100 პროცენტიანი გარჯა ჯერ არ გვინახავს. უდიდესი პოტენციალი აქვს და მატჩიდან მატჩამდე იზრდება. ახლო მომავალში კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდება.“

მოკლედ, სანაკრებო პაუზის წინ პრემიერლიგაში სამხელისუფლებიანობაა: „სიტის“, „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ 20-20 ქულა მოუგროვდათ. განსხვავება მხოლოდ გატანილ-მიღებულ ბურთებშია.

პრემიერლიგა. მე-8 ტური. 7 ოქტომბერი

ფულემი - არსენალი 1:5

ლონდონი. „ქრეივენ კოტეჯი.“ 25 401

0:1 ლაკაზეტი (29), 1:1 შურლე (44), 1:2 ლაკაზეტი (49), 1:3 რემზი (67), 1:4, 1:5 ობამეიანგი (79, 90+1)

ფულემი: ბეტინელი, ოდოი, ლე მარშანი, რიმი (კამარა 54), კრისტი, შურლე, სერი, ზამბო ანგისა (მაკდონალდი 62), სესენონი, მიტროვიჩი, ვიეტო (იოჰანსენი 83)

მწვრთნელი: სლავიშა იოკანოვიჩი

არსენალი: ლენო, ნაჩო მონრეალი, მუსტაფი, ბელერინი, ჰოლდინგი, მხითარიანი, ჯაკა, ივობი (რემზი 67), ტორეირა, უელბეკი (ობამეიანგი 62), ლაკაზეტი (გენდუზი 80)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ვიეტო (57), შურლე (70)

საუთჰემპტონი - ჩელსი 0:3

საუთჰემპტონი. „სენტ მერი.“

0:1 აზარი (30), 0:2 ბარკლი (57), 0:3 ალვარო მორატა (90+3)

საუთჰემპტონი: მაკარტი, იოშიდა, ბერტრანდი, სოარეში, ბედნარეკი (ორიოლ რომეუ 46), ჰუდტი, რედმონდი, ლემინა, ჰეიბერგი, გაბიადინი (ლონგი 78), ინგსი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, მარკოს ალონსო, რუდიგერი, ბარკლი (კოვაჩიჩი 81) , ჟორჟინიო, კანტე, ვილიანი (პედრო 75), აზარი, ჟირუ (ალვარო მორატა 68)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ბერტრანდი (45+2), ლემინა (54), სოარეში (59), ორიოლ რომეუ (61), ჰეიბერგი (66), ინგსი (90)

ლივერპული - მანჩესტერ სიტი 0:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 52 117

86-ე წუთზე მაჰრეზმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი

ლივერპული: ალისონი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, გომესი, მილნერი (კეიტა 29), ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ფირმინო (სტარიჯი 72), სალაჰი, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, მენდი, ლაპორტე, სტოუნზი, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 66), სტერლინგი (სანე 76)

მწვრთნლი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ვეინალდუმი (90); ბერნარდო სილვა (21), აგუერო (56), მენდი (64)

სტატისტიკა
0.26145