ჭადრაკი

18:57 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიდეს არბიტრი ევგენი დუხოვნი: „ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები!“

საჭადრაკო ოლიმპიადაზე მსაჯებს საპასუხიმსგებლო საქმე აკისრიათ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ თამაშებმა წესების სრული დაცვით ჩაიაროს. worldsport.ge-ს ესაუბრა ფიდეს საერთაშორისო არბიტრს ევგენი დუხოვნის, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ამ ქვეყნის სახელით ეწვია ბათუმს და ყოველდღიურად ადევნებს თვალს სპორტული კომპლექსის მთავარ დარბაზში საჭადრაკო პაექრობებს.

- საბჭოთა კავშირში დავიბადე (იცინის), უკრაინელი ვარ, მაგრამ ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ და ბოსტონში ვცხოვრობ. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, სწორედ აშშ-ს სახელით ვეწვიე. წინა 5 ოლიმპიადაზეც ვიყავი მიწვეული როგორც მსაჯი, მაგრამ ის, რაც ბათუმში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- საერთოდ საქართველოში პირველად ვარ. აქამდე ბევრი რამ მსმენოდა საქართველოს შესახებ, ის რომ საქართველო ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ის, რომ შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ, ის, რომ თბილი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ადრეც მინდოდა საქართველოში სტუმრობა, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვახერხე და ბედნიერი ვარ. ბათუმში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვიგრძენი ყველაფერი ის, რაც წეღან ჩამოგითვალეთ. უთბილესი დახვედრა მოგვიწყვეს მოხალისეებმა, ჩაგვსვეს ავტობუსში და დაგვაბინავეს ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“... ბრწყინვალე სასტუმროა, უმაღლესი კლასის, შესანიშნავი მომსახურე პერსონალით. ოჯახთან ერთად ვარ ჩამოსული და ყველანი კმაყოფილები ვართ.

- ქართული სამზარეულო როგორ მოგეწონათ?

- კარგი შეკითხვაა. ქართული კერძები ძალიან გემრიელია, - ხინკალი, მწვადი. ყველაზე განსაკუთრებული კერძი - აჭარული ხაჩაპურია. არ ვიცოდი, როგორ უნდა მეჭამა და ამაშიც დახმარება სასტუმროს შეფ მზარეულმა გამიწია. მართლაც რომ უდიდესი სიამოვნება მივიღე. ასეთი რამ აქამდე არ გამისინჯავს.

- საჭადრაკო ოლიმპიადაზე გადავიდეთ...

- ეს არის უდიდესი სპორტული ღონისძიება, რომელშიც თავი მოიყარა მსოფლიოს ყველა უძლიერესმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გამოკლებით. ბათუმში 183 ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები. შეჯიბრება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, უსაფრთხოებაზეც კარგად ზრუნავენ. მართალია, ცნობად სახეებსაც ჩხრეკენ დაცვის თანამშრომლები, მაგრამ კანონი კანონია - ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მართლაც რომ დიდებული იყო, ასეთი ცერემონია არცერთ ოლიმპიადას არ ჰქონია. სპორტულ კომპლექსში, სადაც ტარდება თამაშები, შესანიშნავი ატმოსფეროა... მოკლედ ბათუმის ოლიმპიადით ძალიან კმაყოფილი ვარ, და არა მხოლოდ მე, სხვა დელეგაციის წარმომადგენლებიც აღფრთოვანებულები არიან.

ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ქართული ჭადრაკის ლეგენდებს - ნონა გაფრინდაშვილსა და მაიაჩიბურდანიძეს. მაიას 11 წლის ასაკიდან ვიცნობ: 1972 წელს, ოდესაში, მოჭადრაკე ქალთა შორის გამართულ ყოფილი საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ნახევარფინალურ ტურნირში, მე გავიცანი 11 წლის ნაწნავებიანი ლამაზი გოგონა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და გავიდა ფინალურ ეტაპზე. როცა აქ ჩამოსვლისთანავე მეორედ ვნახე, მან გამიხსენა და ძალიან გამიხარდა - ხუმრობა ხომ არ იყო, ჩვენი პირველი შეხვედრიდან 46 წელი გავიდა.

ნონა და მაია 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ, მათ მთელი ეპოქა შექმნეს მსოფლიო ჭადრაკში, ასეთი რამ არც არავის გაუკეთებია და ვერც ვერავინ გაიმეორებს.

- ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებზე რას იტყოდით?

- ვაჟთა ძლიერი გუნდები ჰყავთ - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთს, პოლონეთს, უკრაინას, ინდოეთს, აზერბაიჯანს. ქალების გუნდებიდან აღსანიშნავია - უკრაინის, ჩინეთის, რუსეთის, საქართველოს ნაკრებები. ზოგიერთ ფავორიტ გუნდს ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ჭადრაკი სპორტია - ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

- თქვენ, როგორც მსაჯს, როგორ პირობებში გიწევთ მუშაობა.

- ყველაზე „უჩინარი“ და საპასუხისმგებლო სამუშაო მსაჯებს გვაქვს: მსაჯებმა ზედმიწევნით, წესების სრული დაცვით, უნდა უზრუნველყონ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება. ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ პარტიების დასრულებამდე...

- თქვენ წარმოშობით უკრაინელი ბრძანდებით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობთ...

- მაქვს საჭადრაკო სკოლა, სადაც 1000-დე მოსწავლე ვარჯიშობს. არის მცდელობები, რომ ჭადრაკი სასკოლო პროგრამაში შეიტანონ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად, ნებაყოფლობითი უნდა იყოს, არ უნდა დავაძალოთ მათ, ვისაც ჭადრაკი არ უყვარს. ჭადრაკი დიდ როლს ასრულებს ბავშვის ტვინის განვითარებაში. ჭადრაკი ეს კონცენტრაციაა, სტრატეგიაა. ადამიანი, რომელიც ჭადრაკს თამაშობს, ყოველთვის ცდილობს, შეცდომა არ დაუშვას ცხოვრებაში. ასე რომ ჭადრაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.121436