ფეხბურთი

2:23 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "შესაძლოა, ლევანი ჩვენი საუკეთესო ახალწვეული გამოდგეს ამ სეზონში"

ლევან მჭედლიძე წელიწადნახევრის შემდეგ სერია A-ში ნაყოფიერად დაბრუნდა. „მილანთან“ 24 წუთი ითამაშა და მოედანზე შესვლიდან ორ წუთში პენალტი გამოიმუშავა, რომელმაც მის გუნდს ქულა მოუტანა.

ნამატჩევს, „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ ქართველი ფორვარდის დაბრუნებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ლევანი საუკეთესო ახალწვეული გამოდგეს მიმდინარე სეზონში მისი გუნდისთვის.

ბუნებრივია, ანდრეაცოლიმ ახალწვეულში ის იგულისხმა, რომ მჭედლიძეს გასული სეზონი მთლიანად გაუცდა და გუნდს ვერ ეხმარებოდა:

„ვიცოდი, რომ ასეთ პასუხს გაგვცემდა და ისიც ვიცი, რომ სირთულეები ჯერ კიდევ არის. დღეს მან ნახევარ საათზე ნაკლები ითამაშა, მაგრამ ამის გამოც მოხარულნი ვართ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვუმატოთ და ვიაროთ იმ სურვილისკენ, რომ ლევანი ყოველთვის ჩემს განკარგულებაში იყოს. ამის გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ, შესაძლებელია მჭედლიძე ჩვენი საუკეთესო ტრანსფერი (ტრანსფერი გადატანითი მნიშვნელობით - რედ) გამოდგეს მიმდინარე სეზონში“, - განუცხადა ადგილობრივ მედიას ანდრეაცოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ტოსკანელები შემდეგ შეხვედრას „პარმასთან“ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12437