ჭადრაკი

14:14 | 27.09.2018 | ნანახია 551 - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი: „ჩვენც და ფიდემაც უნდა გამოვნახოთ გზები, რომლებიც ორივეს წარმატებას მოგვიტანს"

3 ოქტომბერს, ბათუმში, საჭადრაკო ოლიმპიადისა და ფიდე-ს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და რადგან ზურაბ აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის კვლავ ევროპულ საჭადრაკო კავშირს უხელმძღვანელებს. ზურაბ აზმაიფარაშვილი worldsport.ge-ს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, თქვენ კვლავ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი იქნებით. რა სიახლეებს შემოგვთავაზებთ მომდევნო წლებში?

- ასე უცებ იმის თქმა, რომ რაღაც რადიკალური სიახლე იქნება, შეუძლებელია. ჩვენთვის მთავარია, დავხვეწოთ ის, რაც ამჟამად გაგვაჩნია. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, აქამდე მაქსიმალურად ვცდილობდი მაქსიმალურად შემესრულებინა ყველა ის პროგრამა, რაც ჭადრაკის უფრო პოპულარიზაციას ეხებოდა. რაღაცას მივაღწიეთ, მაგრამ მაინც არ ვარ ამ მიმართულებით მუშაობით კმაყოფილი. გასულ პერიოდში ბევრ ბიუროკრატიულ მომენტებს ვაწყდებოდით. როცა ბრიუსელში ჩავდიოდით, ზოგჯერ გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, მერე და მერე რაღაც ინიციატივები დავიწყებას მიეცემოდა. სწორედ ამ მიმართულებითაც გადავდგი ნაბიჯი, რაც ჩემი გუნდის გაძლიერებით გამოიხატება - როცა თავად ზოგჯერ ვერ წყვეტ ყველაფერს, ხანდახან უფრო ჭკვიანი ადამიანები უნდა გამოიყენო, რომელიც პატიოსნად გაართმევენ თავს რთული საკითხების მოგვარებას. ამ მიმართულებით გავარღვევთ პრობლემურ „კედელს“ და მოგვარდება ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც აუცილებლად წაადგება ჭადრაკს.

გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, ფიდესთან ერთად შეთანხმებული მუშაობა, ევროპული კალენდარი ფიდემაც გაითვალისწინოს. ევროპა მამოძრავებელი ძალაა, ფინანსებს თუ გავითვალისწინებთ, ამ კონტინენტზე მსოფლიო ბაზრის 65-70 პროცენტი მოდის. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ფიდემ გაითვალისწინოს ეს მომენტი და ჩვენი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო სტაბილური გახდეს. ევროპამ თავისი ბენეფიციარული წილი უნდა მიიღოს აუცილებლად.

- ფიდე ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. პრეზიდენტის პოსტზე სამი კანდიდატია - ორგანიზაციის ამჟამინდელი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი, არკადი დვორკოვიჩი და წარსულში ცნობილი ინგლისელი მოჭადრაკე ნაიჯელ შორტი... როგორი მნიშვნელობა ექნება თქვენთვის არჩევნები შედეგებს?

- არჩევნებზე ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მე მასთან აუცილებლად ვითანამშრომლებ. სხვა არჩევანი არ ექნება არც ფიდეს ახალ პრეზიდენტსაც და არც მე. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ - ეს ხომ ჩვენი დევიზია, ამიტომ ერთად უნდა გამოვნახოთ გზები, რომელიც ორივეს წაგვადგება და წარმატებას მოგვიტანს, და არა - გზები, რომლებიც ორივეს დაგვამარცხებს.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080028