ჭადრაკი

0:15 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა პირველი გუნდი ლიდერთა ხუთეულშია

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე მონღოლეთის გუნდი იყო. ეს ქვეყანა ჭადრაკში ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტს და აქედან გამომდინარე, ჩვენს მოჭადრაკეებს ქულათა მაქსიმუმი უნდა აეღოთ, თუმცა ქულა მაინც დავკარგეთ - ბაადურ ჯობავამ და ივან ჩეპარინოვმა თავიანთ დაფებზე კი მოიგეს, მაგრამ ლევან ფანცულაია და დავით ჯოჯუა ყაიმს დასჯერდნენ. საბოლოოდ საქართველო პირველმა ნაკრებმა 3-1 მოიგო.

ტურნირის ფავორიტთან - აშშ-ს გუნდთან საპატიო მარცხის შემდეგ, საქართველოს მესამე ნაკრებსაც ნიკარაგუას სახით ასევე სუსტი მოწინააღმდეგე შეხვდა და 3,5:0,5 დაამარცხა.
მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო საქართველოს მეორე ნაკრებისაკენ, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტს - რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა.
ლუკა პაიჭაძემ (რეიტინგი - 2564) კარგად იბრძოლა სერგეი კარიაკინთან (2760) და საბოლოოდ, დაუზავდა მას. ასევე დაზავდნენ გიგა ყუფარაძე (2495) და ნიკიტა ვიტიუგოვი (2726), თორნიკე სანიკიძე (2497) და იან ნეპომნიაშჩი (2768), ხოლო ირაკლი ბერაძე (2495) ვლადიმირ კრამნიკთან (2779) დამარცხდა. საბოლოოდ რუსებმა 2,5:1,5 იმარჯვეს.
ლიდერებიდან საფრანგეთის ნაკრებმა ალჟირის გუნდს მოუგო 3:1, პოლონელებმა 2,5:1,5 დაამარცხეს პორტუგალიელი მოჭადრაკეები. საინტერესო გამოდგა აშშ-სა და ჰოლანდიის ნაკრებთა შეხვედრა. მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკემ ფაბიანო კარუანამ ამჯერადაც ვერ მოიგო - მხოლოდ ყაიმს დასჯერდა ანიშ გირისთან შეხვედრაში, თუმცა არც ჰოლანდიელი მოჭადრაკეა ხელწამოსაკრავი, მისი რეიტინგი 47 პუნქტით ჩამორჩება კარუანისას და 2780-ს შეადგენს. ასევე ყაიმით დაასრულა შეხვედრა ჰიკარუ ნაკამურამ თავისი პარტია ვან ლოეკთან. უესლი სოუმ და სამუელ შანკლანდმა კი იმარჯვეს. საბოლოოდ, აშშ-ს ნაკრებმა 3:1 მოიგო. ამ ტურში ერთი ქულა დაკარგა კიდევ ერთმა ფავორიტმა - ჩინეთის ნაკრებმა - პერუელებთან შეხვედრაში. უკრაინელმა მოჭადრაკეებმა 2,5:1,5 სძლიეს რუმინელებს.
სამი ტურის შემდეგ 3-3 მოგება 18 გუნდს აქვე, მოპოვებული ქულების რაოდენობით კი საფრანგეთის გუნდი დაწინაურდა - 11,5 ქულა, მას ნახევარი ქულით ჩამორჩება ისრაელის გუნდი, ხოლო 10,5-10,5 ქულა აქვთ ინდოეთისა და ირანის ნაკრებებს.
ორი მოგებითა და ერთი ფრით, 25-ე ადგილზეა საქართველო ვაჟთა პირველი ნაკრები, რომელმაც სამ შეხვედრაში 8,5 ქულა მოიპოვა. 36-ე ზეა საქართველოს მეორე ნაკრები (2 მოგება, 1 წაგება, 7,5 ქულა), ასევე ორი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო საქართველოს მესამე ნაკრებმა, 9 ქულა კი მოაგროვა, მაგრამ კოეფიციენტით მე-40 ადგილზეა.
მეოთხე ტურში ჩვენი პირველი გუნდის მეტოქე ლიტვის ნაკრებია, მეორე გუნდი ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრების მეტოქე მაროკოს გუნდი იქნება.
ახლა, რაც შეეხება ჩვენს მოჭადრაკე ქალებს, საქართველოს პირველი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის გუნდი იყო. ნანა ძაგნიძე (2509) და მარიე სებაგი (2480) ყაიმზე შეთანხმდნენ. ასევე დანარჩენი ორი პარტიაც ყაიმით დასრულდა: ბელა ხოტენაშვილი (2469) - პაულინე გუიშარდი (2390) და მერი არაბიძე (2404) - სოფიე მილიე (2389). ჩვენს გუნდს გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა (2482) მოუტანა, რომელმაც ალმირა სკრიპჩენკო (2414) დაამარცხა. საბოლოო შედეგია 2,5:1,5 ქართველი მოჭადრაკეების სასარგებლოდ..
საქართველოს მეორე ნაკრები ესპანეთის გუნდს შეხვდა. საინტერესო იყო ისიც რომ ესპანელთა შემადგენლობაში ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა - 2362 რეიტინგის მქონე ანა მათნაძე. ის მესამე დაფაზე თანამემამულე სოფიო გვეტაძეს (2325) შეხვდა. ქართული მატჩი ემიგრანტი ქართველი გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდის პირველ დაფაზე მოასპარეზე სალომე მელიამ (2391) საბრინა გუტიერესს (2404) მოუგო. მეორე და მეოთხე დაფებზე კი ყაიმები დაფიქსირდა: დაზავდნენ ინგა ჭარხალაშვილი (2317) და მარტა გარსია (2329),ასევე სოფიკო ხუხაშვილი (2301) და მონიკა რუიზი (2235).
საბოლოოდ ფრე 2-2.
რაც შეეხება საქართველოს მესამე ნაკრებს, ამ უკანასკნელმა ბრაზილიის გუნდს 3,5:0,5 მოუგო.
ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ჩინეთის ნაკრებმა 3,5:0,5 მოუგო კუბის ნაკრებს. უკრაინელებმა 3:1 დაამარცხეს რუმინეთის გუნდი. უზბეკმა მოჭადრაკე ქალებმა, რომლებმაც წინა ტურში რუსებს აგემეს მარცხის სიმწარე, ამჯერად 3:1 დაამარცხეს ინდონეზიის წარმომადგენლები .
მაილაზიელებთან „გაისეირნა“ რუსეთის ნაკრებმა, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება - მეტოქე 4:0 დაამარცხა.
აშშ-ს გუნდმა 2,5:1,5 მოუგო კანადის ნაკრებს. ამ შეხვედრაზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ კანადელთა შემადგენლობაში ქართველი ემიგრანტი ლალი აღბაბიშვილი თამაშობს. მან ჯენიფერ იუსთან წააგო.
სამი ტურის შემდეგ 12 გუნდს 3-3 მოგება აქვთ. პირველ-მეორე ადგილზე 10-10 მოპოვებული ქულით ჩინეთისა და სომხეთის გუნდები არიან. 9,5-9,5 ქულა აქვთ მონღოლეთის, საქართველოს პირველ ნაკრებსა და აშშ-ს გუნდს. 2 მოგება, 1 ფრე და 9,5 ქულა - ამ შედეგით საქართველოს მეორე ნაკრები მე-13 ადგილზეა, ხოლო მესამე ნაკრები - მეცხრამეტეა.
მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა პირველი გუნდის მეტოქე ვიეტნამის ნაკრებია. საინტერესო იქნება საქართველოს მეორე ნაკრებისა და ინდოეთის გუნდის დაპირისპირება. ჩვენი მესამე გუნდი კი ავსტრალიას დაუპირისპირდება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147536