ჭადრაკი

23:28 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების წარმატებული სტარტი საჭადრაკო ოლიმპიადაზე

ბათუმში, საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისათვის. საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ჭადრაკის კომიტეტის გუნდი იყო. ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ბულგარელი დიდოსტატი ივან ჩეპარინოვი პირველ ტურში ისვენებდა. პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავა (რეიტინგი - 2634) შავი ფიგურებით დაუზავდა 2418 რეიტინგის მქონე იეჰუდა გრუინფელდს. მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და დავით ჯოჯუამ თავ-თავიანთი პარტიები მოიგეს. საბოლოოდ, ჩვენმა პირველმა ნაკრებმა 3,5:0,5 იმარჯვა. ასეთივე ანგარიშით, საქართველოს მეორე ნაკრებმა ლიხტენშტეინის გუნდი დაამარცხა. მეორე დაფაზე თორნიკე სანიკიძე (2497) დაუზავდა მარსელ მანარტს, დავით მაღალაშვილმა, ირაკლი ბერაძემ და გიგა ყუფარაძემ კი იმარჯვეს.

საქართველოს მესამე ნაკრებს კი პირველ ტურში ნახევარი ქულაც არ დაუკარგავს - ნოე თუთისანმა, ლუკა ობოლაძემ, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა და ნიკოლოზ კაჭარავამ მაკაუს ნაკრები გაანადგურეს - 4:0.

შეჯიბრების ერთ-ერთმა ფავორიტმა ჩინეთის ნაკრებმა ქულა დაჰკარგა მაროკოელებთან შეხვედრაში -3:1, ხოლო რუსებმა უგანდელები გაანადგურეს - 4:0. პირველ ტურში ასევე ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვეს ამერიკელებმა პანამელებთან შეხვედრაში.

საერთოდ პირველი ტურის შემდეგ 4-4 ქულა აქვთ 88-ქვეყნის ნაკრებს. შვეიცარიული სისტემა ამ რაოდენობას ნელ-ნელა შეამცირებს.

მეორე ტურში მეტად საინტერესო იქნება საქართველოს მესამე გუნდისა და ტურნირის მთავარი ფავორიტის - აშშ-ს ნაკრების შეხვედრა. საქართველოს პირველი და მეორე გუნდების მეტოქეები შესაბამისად ნორვეგიისა და დანიის გუნდები იქნებიან.

ქალთა ოლიმპიადაზე საქართველოს პირველმა ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეის გუნდი. ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ გაიმარჯვეს მეტოქეებთან, ლელა ჯავახიშვილმა კი თავისზე ბევრად დაბალი რეიტინგის მქონე როზა ეინულასთან იწვნია მარცხი.

ჩვენმა მეორე და მესამე გუნდებმა აბსოლუტური შედეგი აჩვენეს. საქართველოს მეორე ნაკრების სახელით მოასპარეზე ინგა ჭარხალაშვილმა, სოფო გვეტაძემ, სოფიკო ხუხაშვილმა და მირანდა მიქაძემ წარმატების არავითარი შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს - სამხრეთ აფრიკის გუნდს. რაც შეეხება მესამე ნაკრებს (ნინო ხომერიკი, მარიამ ჯანიაშვილი, ლილე ქორიძე, თამარ ესაძე), ამ უკანასკნელმა სეიშელის კუნძულების გუნდი გაანადგურა - 4:0. უკრაინელებმა ასევე 4:0 მოუგეს მონაკოს ნაკრებს, ხოლო სხვა ფავორიტებმა - ჩინეთისა და
რუსეთის ნაკრებებმა ნახევარ-ნახევარი ქულა დაჰკარგეს შესაბამისად ტაჯიკეთისა და კოსტა-რიკის გუნდებთან (3,5:0,5).

ქალთა ტურნირის პირველი ტურის შემდეგ 4 ქულა 73 გუნდს აქვთ.

მეორე ტურში საქართველოს პირველი ნაკრები ნორვეგიის გუნდს ეთამაშება, მეორე ნაკრები - შვედეთის ნაკრებს, ხოლო მესამე ნაკრები - გერმანიისას.

ქართული გუნდებისშედეგები პირველ ტურში წარმატებულად შეაფასა მოჭადრაკე ნანა იოსელიანმა:

- კარგია, რომ ქალებმაც და ვაჟებმაც წარმატებულად აიღეს სტარტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილი პირველ ტურში დამარცხდა, მჯერა, რომ პირველი გუნდი საპრიზო სამეულში მოხვდება.

- მოჭადრაკე ვაჟების შანსებს როგორ შეაფასებთ?

- ადრე ყოველთვის გვქონდა მეოთხე მოთამაშის პრობლემა, ახლა ეს მეოთხე მოთამაშეც გვყავს - ბულგარელი დიდოსტატი ივან ჩეპარინოვი, რომელიც დღეს უკვე საქართველოს მოქალაქეა. ის საკმაოდ ძლიერია და დარმუნებული ვარ რომ ჩვენი ვაჟებიც მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებენ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.149548