ძიუდო

14:04 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის კიდევ ერთი საჭიდაო დღე დასრულდა დილის პროგრამაში. დღეს, მამაკაცთა შორის მედლები 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა გათამაშდეს, სადაც მსოფლიოს კონკურენციაში 75 ძიუდოისტი ჩაება. მათ შორის 2 ქართველიც – ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ორივემ ადრიანად დაკარგა.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი აზერბაიჯანულ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა. შეჯიბრებაზე მეორე ნომრად განთესილი ქართველისთვის დაუძლეველი ზღუდე აღმოჩნდა გერმანელი ედუარდ ტრიპელი. შეხვედრის ბედი მეორე წუთის დასაწყისში გადაწყდა, გერმანელის სუფთა გდებით.

უშანგი მარგიანი ჩემპიონატზე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩავიდა. კარგადაც დაიწყო – ჩინელი ჰებილიჯ ბუ იპონით ჩამოიშორა, ხოლო ბერძენი თეოდოროს ცელიდისი – ვაზარით, მაგრამ მერვედფინალში იაპონელ კენტა ნაგასავასთან დამარცხდა, უილეთო ბრძოლაში, მეშვიდე წუთზე მიღებული მესამე შიდოთი.

მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.

ქართული განაცხადის ცხრა წევრიდან შვიდმა აზერბაიჯანული გამოსვლა უკვე დაასრულა. ხვალ კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მოირგებს, ხოლო ზეგ – გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113779