ავტოსპორტი

2:44 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ძანარდიმ ტრიატლონში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

ინდიქარის და ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, იტალიელმა ალექს ძანარდიმ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ტრიატლონში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. იტალიის ემილია რომანიაში ჩატარებულ ტურნირ „აირონმენ იტალიზე“, მან დისტანცია 8 საათში, 26 წუთსა და 06 წამში გაიარა. უფრო მეტიც, აბსოლუტურ ჩათვლაში ეს შედეგი მეხუთე საუკეთესო აღმოჩნდა!

სულ „აირონმენ იტალის“ ტურნირზე 2 700 სპორტსმენი მონაწილეობდა. დისტანციაში შედიოდა: ცურვა ღია წყალში 3.8 კილომეტრზე, 180 კილომეტრი ველოსიპედით და სირბილით მარათონი - 42.2 კილომეტრი. ველოსიპედის და სირბილის დისტანციები ძანარდიმ ხელის ველოსიპედით გაიარა, რომლითაც მას პარალიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონტებზე, არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ტურნირი გერმანელმა ენდი ბოჰერერმა მოიგო, რომელმაც ფინიშის ხაზი ძანარდიზე 25 წუთით ადრე გადალახა. სამაგიეროდ, ფ1-ის ყოფილმა მრბოლმა და კარტ-ის (ინდიქარის მაშნდელი განაყოფი ვერსია) სერიის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ძველი რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, დაახლოებით ნახევარი საათით გააუმჯობესა.

„თავმდაბლობა ჩემი საუკეთესო თვისება არაა, თუმცა ვიტყვი, რომ დღეს ვიყოჩაღე! ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ შედეგს დავაფიქსირებდი. წარმოუდგენელია - ინვალიდი ვარ და აბსოლუტურ ჩათვლაში, სადაც თითქმის სამი ათასი ათლეტი მონაწილეობდა, მაინც მეხუთე დრო მქონდა“, - წერს საკუთარ ტვიტერზე ძანარდი, ვინც 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგის ოვალზე მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად, ორივე ფეხი დაკარგა.

0.114228