ავტოსპორტი

17:29 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის შვილისთვის „ფერარის“ კარი ღიაა

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერი თანდათან უახლოვდება ფორმულა 1-ს. ის ამჟამად ფორმულა 3-ის ევროპულ სერიაში მონაწილეობს, სადაც ზედიზედ ბოლო ხუთი რბოლა მოიგო და სერიას დამაჯერებლად ლიდერობს.

გერმანელი ამომავალი ვარსკვლავი უკვე 43 ქულას უგებს უახლოეს მდევარს ბრიტანთიდან, „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის წევრ დენ ტიქტუმს, რომელმაც ავსტრიის „რედ ბულ“ რინგზე ბოლო რბოლა ვერ დაასრულა. ავსტრიული ეტაპის წინ, ტიქტუმს შუმახერზე სამი ქულით მეტი ჰქონდა.

დარჩენილ ორ ეტაპზე, მიკ შუმახერს ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს, რის შემდეგაც, ის ალბათ ფორმულა 2-ში გადაინაცვლებს, თუმცა ამის გარეშეც, ფ1-ისთვის საჭირო სუპერ ლიცენზიის მისაღებად, საკმარისი ქულები დაუგროვდება. ცნობისათვის, ფ3-ის ჩემპიონები იყვნენ „ფორს ინდიას“ ესტებან ოკონი, „უილიამსის“ ლანს სტროლი და „მაკლარენის“ ახალწვეული ლანდო ნორისი, რომელიც უოკინგელთა რიგებში, მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება.

ახალგაზრდა შუმახერის კარიერის წარმატებულ განვიტარებასთან დაკავშირებით, ბევრს აინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი შუმახერის გვარის კიდევ ერთხელ დაკავშირება „ფერარისთან“, რაზეც მარანელოელთა შეფ მაურიციო არივაბენე ამბობს:

„ამ ბოლო დროს მას ძალიან, ძალიან კარგი შედეგები აქვს და მინდა, მას დიდებული კარიერა ვუსურვო. ყოველთვის ვამბობ: ახალგაზრდა პილოტები ფოკუსირებას, ყურადღების გამახვილებას უნდა მიეჩვიონ და იმავდროულად, რბოლებით სიამოვნებს მიღებაც უნდა შეეძლოთ. თუ ისინი განვიტარებას შეძლებენ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“, - ამბობს არივაბენე და დასძენს: „მარანელოში ვინ ეტყვის უარს ადამიანს, ვისი გვარიც შუმახერია?“.

იმავდროულად, „ზაუბერის“ შეფი ფრედრიკ ვასორი ამბობს, რომ ფ3-დან ფ1-მდე გასავლელი გზა არც ისე იოლია, როგორც შეიძლება ზოგს ეგონოს: „სიმართლე ითქვას, ფ3-დან ფ1-მდე უზარმაზარი გზაა გასავლელი, რომელსაც ისიც ართულებს, რომ სეზონებს შორის ტესტები შეზღუდული გვაქვს. არ ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ხდება. მაგრამ ეს ძალიან ძნელია. მისთვის უკეთესია ჯერ ფორმულა 2-ში, ან რამე მსგავს სერიაში გადასვლა. მაგრამ მას ფორმულა 1-ის გუნდთან კავშირი აუცილებლად სჭირდება, რათა თავისუფალ პრაქტიკებზე მაინც შეძლოს ვარჯიში. მოკლედ, ფ1-სთვის მოსამზადებლად ბევრი გზაა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146141