ფეხბურთი

2:00 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" მოიგო, "ფიორენტინა" "იუვენტუსის" მდევარია

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის სამი მატჩი შაბათს გაიმართა. მილანის „ინტერი“ კი მოგებებს ბოლოში დაეჩვია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის „ტოტენჰემი“ მსაჯის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა და ახლაც, იტალიის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მსგავს სტილში მოიპოვა.

„ნერაძურის“ რთული გასვლითი მატჩი ჰქონდა გენუაში „სამპდორიასთან“, რომელაც სეზონი წარმატებით დაიწყო. მიუხედავად ამისა, „ინტერმა“ ლიგურიაში მოგება დაიმსახურა და ამას ბოლო წუთზე მარსელო ბროჟოვიჩის გოლით მიაღწია კიდეც. ამრიგად, ლომბარდიელებმა 7 ქულა მოაგროვეს და მდგობარეობა ოდნავ გაიუმჯობესა.

ფლორენციის „ფიორენტინა“ კი ამასობაში მეორე ადგილზე მოკალათდა. სტეფანო პიოლის გუნდმა ასევე კარგი სტარტის მქონე „სპალი“ მიიღო და შანსი არ დაუტოვა. სადებიუტო გოლი გაიტანა არათუ „ფიორენტინას“ რიგებში, არამედ მთლიანად სერია A-ში მარკო პიაცამ, რომელიც „იუვენტუსმა“ 2016 წელს დიდი იმედით შეიძინა. თუმცა ხორვატმა ტურინში მოლოდინი ვერ გაამართლა და ოდენ ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო ერთხელ გატანა. ამჯერად კი, იჯარით „იებში“ ირჯება, რომლის ძირითად შემადგელობაში პირველად მოხვდა და ანგარიშიც მანვე გახსნა. ამას მილენკოვიჩის გოლიც მოჰყვა, ხოლო წერტილი ფლორენციელთა და იტალიური ფეხბურთის იმედმა ფედერიკო კიეზამ დასვა. ამრიგად, „ფიორენტინა“ 10 ქულით მეორე ადგილზე მოკალათდა და კვალში „იუვენტუსს“ ჩაუდგა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა „პარმამ“, რომელმაც „ინტერს“ „კალიარიც“ მიაყოლა და ცხრილის შუაში მოკალათდა. რობერტო დ’ავერსას გუნდი მართლაც კარგ ფორმაში შევიდა და სარდინიელებისთვის შანსიც არ მიუცია. რობერტო ინგლეზემ პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ერთი ჩაუთვალეს. მეორე ნახევრის დასაწყისში კი, ჟერვინიომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ადგილობრივი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

სერია A-ს მეხუთე ტური დღეს გაგრძელდება.

„პარმა“ – „კალიარი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ინგლეზე (20), 2:0 ჟერვინიო (47)

„ფიორენტინა“ – „სპალი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 პიაცა (18), 2:0 მილენკოვიჩი (28), 3:0 კიეზა (56)

„სამპდორია“ – „ინტერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ბროჟოვიჩი (90)

თეგებისერია A
0.113214